“პროცედურის დასაფლავება” – კამათი ინტერპელაციის წესის რეგლამენტთან დაკავშირებით

კამათი პარლამენტში – ინტერპელაციის პროცედურას საკანონმდებლო ორგანოში დაპირისპირება მოჰყვა. პარლამენტში ინტერპელაციის წესით „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა პრემიერი დაიბარეს და კითხვები ქვეყანაში არსებულ კრიმინალურ სიტუაციას შეეხო.

ინტერპელაციის წესთან დაკავშირებით რეგლამენტი სწორედ დღეს განისაზღვრა და ამის გამო, პრემიერის სიტყვით გამოსვლა საკმაოდ მცირე დროში დასრულდა.

დისკუსიის საფუძველი რეგლამენტით დადგენილი ნორმაა, რომლის მიხედვითაც, დრო იმის პროპორციულად მცირდება რამდენი კითხვაც არის გაგზავნილი.

ბიუროს და საპროცედურო კომიტეტის სხდომაზე დადგინდა დროები, თუ რამდენი წუთი ექნებოდა თითოეულ გამომსვლელს, რასაც კამათი და დაპირისპირება მოჰყვა.

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ მდივანი, ხათუნა გოგორიშვილი ამბობს, რომ რეგლამენტის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღეს.

„ინტერპელაციის პირველი შემთხვევიდანვე ხდება ამ პროცედურის დასაფლავება იმიტომ, რომ ეს იქნება ფორმალური პროცედურა. პოლიტიკური დებატები, რომელიც, ჯამში, გრძელდება ნახევარი საათი, უკვე აღარ არის პოლიტიკური დებატები,“ – განაცხადა გოგორიშვილმა.

რეგლამენტთან დაკავშირებით დავა სხდომათა დარბაზში „ქართული ოცნების“ წევრებს და ყოფილ თანაგუნდელებს შორისაც შედგა. ახალი რეგლამენტის მიხედვით, დამოუკიდებელ დეპუტატებს კითხვის დასმის საშუალება არ აქვთ.

„ვერ ვხედავ ლოგიკას, რა პრინციპით მოხდა, მაგალითად, კითხვაზე ნაკლები დრო, რომ არის გამოყოფილი დამოუკიდებელი პარლამენტის წევრებისთვის,“ – აღნიშნა ბესელიამ.

ყოფილი თანაგუნდელების პასუხად, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ რეგლამენტს მხარი გასულ წელს მათაც დაუჭირდეს.

„ეს არის ის ვარიანტი, რომელსაც თქვენ დაუჭირდეთ მხარი თავის დროზე,“ – აღნიშნა კობახიძემ.

რაზე პასუხადაც ეკა ბესელიამ განმარტა, რომ დადგენილი წესისგან განსხვავებით შეიმუშავეს დღევანდელი რეგლამენტი.

ბესელია ეს არგუმენტი კი კობახიძისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და ყოფილი თანაგუნდელი ტყუილში დაადანაშაულა.

„ეს არის ტყუილი. რეგლამენტში წერია, რომ 10 წუთი აქვს შეკითხვის ავტორს და 5 წუთი აქვს დამოუკიდებელ დეპუტატს. ეს არის სიმართლე და თქვენ რაც თქვით, ეს არის ტყუილი,“ – მიმართა კობახიძემ ეკა ბესელიას.

banner
წინა სტატიაშიაპოკალიფსის დახატვის მცდელობა – პრემიერი ოპოზიციას არ ეთანხმება, რომ კრიმინალი გაზრდილია
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე საქართველოში მოქმედი არასამთავრობოების ნაწილს „ნაციონალური მოძრაობის“ გონგოებს უწოდებს