პრეზიდენტმა 24 წლის წინ დაღუპულ გურამ გაბესკირიას ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა

გიორგი მარგველაშვილმა გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო, შემდეგ კი საქართველოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობის, გამორჩეული გმირობისა და თავდადებისათვის ქალაქ სოხუმის მერს, პოლკოვნიკ გურამ გაბესკირიას სიკვდილის შემდეგ საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა და ეროვნული გმირის ორდენი მისი ოჯახის წევრებს გადასცა.

“დღეს ჩვენ განსაკუთრებით გამოვყოფთ იმ ადამიანის ღვაწლს, რომელიც სეპარატისტებმა 27 სექტემბერს ჟიული შარტავასთან ერთად ალყაში მოაქციეს და დახვრიტეს, რომელიც წელგამართული შეეგება სიკვდილს, რომელსაც უბრძანეს, რომ დაჩოქილიყო, მისი პასუხი კი იყო – არასოდეს! დღეს ჩვენ გამოვყოფთ სოხუმის მერის, პოლკოვნიკ გურამ გაბესკირიას ღვაწლს, ვიხსენებთ მას იმ დიდ ტკივილთან ერთად, რომელიც დღეს ყველას გვაერთიანებს, გვაერთიანებს სიამაყეც და ზეიმიც მისი უტეხი სულისა. დღეს ჩვენ მას ვაჯილდოვებთ ჩვენი სამშობლოს უმაღლესი ჯილდოთი. ეროვნული გმირის წოდებით და ამ წოდებას გადავცემთ მისი ოჯახის წევრებს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიეკოლოგიური კატასტროფა (ფოტოები)
შემდეგი სტატიასოხუმის დაცემიდან 24 წელი გავიდა