პრეზიდენტი – მხოლოდ და მხოლოდ ერთი პერსპექტივა არსებობს ჩვენთვის და ეს გახლავთ ევროპა

მხოლოდ და მხოლოდ ერთი პერსპექტივა არსებობს ჩვენთვის და ეს გახლავთ ევროპა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტმა საქართველოს ისტორიაში ქალების როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სხვადასხვა სფეროში ქალთა წარმომადგენლობა საკმაოდ მაღალია.

„ძალიან ბევრი ქართველი ემიგრანტი ქალი გვყავს. სამწუხაროდ, ისინი ტოვებენ საქართველოს. ეს სამწუხაროდ, გახლავთ ახალი ფენომენი. როგორც მოგეხსენებათ, მილიონნახევარი ქართველი ცხოვრობს საზღვარგარეთ და ძალიან ბევრი მათგანი ქალია, რომელიც თავის ოჯახს სხვადასხვა ქვეყნებიდან არჩენს. მათი წარმომადგენლობა საკმაოდ მაღალია. ქალები მრავალ დარგში არიან წარმოდგენილები – ეკონომიკა, კულტურა, მედიცინა, ასევე საგანმანათლებლო სფერო. ისინი შედარებით ნაკლებად არიან წარმოდგენილები პოლიტიკაში პოლარიზაციის, სიძულვილის ენის და სხვადასხვა სირთულეების გამო – უხეში გახლავთ ქართული პოლიტიკა და ეს არის ერთ-ერთი ახსნა, თუ რატომ არ არის ბევრი ქალი პოლიტიკაში. ქალები არიან იმ 85%-ში, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ გზას. ისინი არიან მოტივირებულები და აქტიურად აჟღერებენ თავიანთ მოსაზრებებს. მათთვის მნიშვნელოვანია ბავშვების კეთილდღეობა, განათლება, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება – მხოლოდ და მხოლოდ ერთი პერსპექტივა არსებობს ჩვენთვის და ეს გახლავთ ევროპა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კონფერენციის მსვლელობისას ის აშშ-ს პირველი ქალი სახელმწიფო მდივნის მადლენ ოლბრაიტის ოჯახს ჯილდოს გადასცემს.

„მადლენ ოლბრაიტი იყო შესანიშნავი ქალი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამერიკის განვითარებაში. თუმცა, ის მნიშვნელოვანი იყო არა მარტო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელიც იბრძვის დამოუკიდებლობისთვის და უსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით კი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც დაეხსნენ საბჭოთა კავშირს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშინაცვლიშვილი – „ქართული ოცნება“ ხელს გვიშლის, რომ გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი – გაფლანგა ძვირფასი 10 წელი
შემდეგი სტატიაჯო ბაიდენი – აშშ-ში საწვავის ფასების ზრდა უკრაინაში ომისთვის „გადასახდელი საფასურია“