პრეზიდენტი: ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ჩვენ გვჭირდება ყველა პარტნიორის მხარდაჭერა

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს ყველა პარტნიორის, მხარდაჭერა და გამოცდილების გაზიარება. ამის შესახებ მან საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ მონტენეგროს პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ბატონო პრეზიდენტო, მინდა კიდევ ერთხელ მოგესალმოთ საქართველოში. ეს გახლავთ ისტორიული ვიზიტი, პირველი უმაღლესი დონის ვიზიტი საქართველოსა და მონტენეგროს შორის დიპლომატიური ურთიერთობების განმავლობაში. თქვენი ვიზიტი გასულ წელს ზაფხულში იგეგმებოდა, მაგრამ გლობალური პანდემიის პირობებიდან გამომდინარე იძულებული გავხდით, რომ გადაგვედო. მოხარული ვარ, რომ ახლა შევძელით ამ ვიზიტის ორგანიზება. მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ყველას ერთობლივი ძალისხმევითა და სოლიდარობით ჩვენ შევძლებთ, პანდემია მალე დავამარცხოთ, დავუბრუნდეთ იმ ჩვეულებრივი ურთიერთობების ფორმატს, რომელიც ვიტყოდით, რომ ჩვენთვის, შედარებით პატარა ქვეყნებისთვის, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დიდი ქვეყნებისთვის. ჩვენ ეს დიპლომატიური აქტივობა ძალიან გვჭირდება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დღევანდელი დღე ამის საწყისია. თქვენი ვიზიტი საქართველოს მომავალი დემოკრატიული და ევროპული განვითარებისთვის მნიშვნელოვან პერიოდს ეხება, რადგან ჩვენ ახლა, 2 ოქტომბერს, ჩავატარეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური და ახლა ვემზადებით მეორე ტურისთვის. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მშვიდობიანად, ღიად ჩატარდება და იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი სტაბილურობისა და დემოკრატიის გამყარებისთვის.

პრეზიდენტთან ერთად ჩვენ განვიხილეთ საქართველოსა და მონტენეგროს გეოპოლიტიკური სიტუაცია. ცხადია, მე ავუხსენი სიტუაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეს რამდენად წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობაზე ყოველდღიურ წნეხს, მაგრამ ამავე დროს ის, რომ ოკუპაციის მიუხედავად, ჩვენ ვაგრძელებთ ევროინტეგრაციის გზას. ამან არცერთი დღით არ გადაგვახვევინა გზაზე და არ შეგვაცვლევინა ჩვენი მყარი პოზიციები, არც მოსახლეობის მხარდაჭერა შეცვლილა ამ გზის მიმართ. ეს არის ჩვენი ერთობლივი გამარჯვება ამ კუთხით. ამ გზაზე გვჭირდება ჩვენი ყველა პარტნიორის მხარდაჭერა, პოლიტიკური მხარდაჭერა, მაგრამ ამავე დროს გამოცდილების გაზიარება. აქედან გამომდინარე, მონტენეგრო წარმოადგენს მნიშვნელოვან პარტნიორს, რამეთუ მონტენეგრომ ატლანტიკურ საბჭოში გაწევრიანება 2017 წელს შეძლო. მისი გზა ევროპისკენ არის ჩვენთან შედარებით წინწასული, ის შესულია ამ მოლაპარაკებებში, რაც არის ჩვენი ოცნება. ძალიან საინტერესო იქნება, რომ ჩვენ გაგვიზიარონ ის გამოცდილება, რომელიც დღევანდელ დღეს, როცა ჩვენ ვემზადებით 2024 წლისთვის ჩვენი კანდიდატურის გაცხადებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დღეს და ახლა მივიღოთ ეს კონკრეტული გამოცდილების გაზიარება, რომელიც დაგვეხმარება გადავდგათ ის ნაბიჯები, რაც მიგვიყვანს ჩვენს ერთობლივ დიდ მიზნამდე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

წინა სტატიაშიპრეზიდენტი: მნიშვნელოვანია, რომ უფრო მეტად ვიგრძნოთ ევროკავშირის ჩართულობა
შემდეგი სტატიაპატრიარქის მდივანი ამბობს, რომ ციხეში სააკაშვილს ნაკურთხი წყალი და სეფისკვერი გადასცა