პრეზიდენტი: მნიშვნელოვანია, რომ უფრო მეტად ვიგრძნოთ ევროკავშირის ჩართულობა

დასავლეთ ბალკანეთში, როგორც კავკასიაში მნიშვნელოვანია, რომ უფრო მეტად ვიგრძნოთ ევროკავშირის ჩართულობა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მონტენეგროს პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, გაანალიზეს ორი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რომელიც ბევრი კუთხით შეიძლება განსხვავებული ჩანდეს და რეალურად ბევრი საერთო აქვს.

„ერთ საერთო დასკვნამდე მივედით, რომ დასავლეთ ბალკანეთში, როგორც კავკასიაში მნიშვნელოვანია, რომ უფრო მეტად ვიგრძნოთ ევროკავშირის ჩართულობა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ევროკავშირის ჩართულობა ჩვენი პოლიტიკური კრიზისის დაძლევაში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო 19 აპრილის დოკუმენტი, მაგრამ შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს ახლო მომავლისთვის, რომ ევროკავშირმა თავის საგარეო პოლიტიკაში უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს ამ ორ რეგიონს, რომლებიც რეალურად მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ალბათ, შეიძლება ისიც ითქვას, რომ ვერ წარმოიშობა ევროკავშირის სერიოზული საგარეო პოლიტიკა, თუ არ იქნება გათვალისწინებული ამ ორ რეგიონთან მიმართებაში რა უნდა იყოს ევროკავშირის პოზიცია და როგორ უნდა იყოს ეს პოზიცია მყარად დაცული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა იმ საკითხებზე, რაც მონტენეგროს პრეზიდენტთან შეხვედრისას განიხილეს.

„ჩვენ, ცხადია, ასევე განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები. ძალიან ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ეს ურთიერთობები როგორც ეკონომიკური, ასევე საპარლამენტო ურთიერთობების დონეზე, პოლიტიკური კონსულტაციების დონეზე, ტურიზმის და ასევე კულტურის მიმართულებაზე. ეს არის ის მიმართულებები, რომლებიც ჩვენი მოსახლეობისთვის ჩვენს ურთიერთობას რეალურ, კონკრეტულ სახეს მისცეს. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ამით ორი ქვეყნის დამეგობრება რეალური გახდეს ყველას თვალში“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ეწვია
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი: ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ჩვენ გვჭირდება ყველა პარტნიორის მხარდაჭერა