პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის საერთაშორისო სტანდარტების ახალი შენობა გახსნეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის
ახალ შენობაში სხვადასხვა მიმართულების ექსპერტიზის 20 ლაბორატორია
ამოქმედდა, მათ შორის საერთაშორისო სტანდარტების გენეტიკური (დნმ)
ლაბორატორია.

საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში აშენებული შენობა
და მასში განთავსებული თანამედროვე ლაბორატორიები პრემიერ-მინისტრმა გიორგი
გახარიამ, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და სამინისტროს
სხვა ხელმძღვანელმა პირებმა დაათვალიერეს.

საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ახალ ადმინისტრაციულ შენობაში
ყველა ლაბორატორია მოწყობილია ISO სტანდარტების სრული დაცვით.

დეპარტამენტის ბაზაზე შეიქმნა ბიოლოგიური ექსპერტიზის სამსახური, რომელიც
ამ დრომდე არ არსებობდა და გენეტიკური კვლევების ჩატარება შეუძლებელი იყო.
ეს ფაქტორი, ხშირ შემთხვევაში, მნიშვნელოვნად აფერხებდა კომპლექსურ
კვლევებს და სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებებს.

გენეტიკური (დნმ) ექსპერტიზის უახლესი ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე,
მაღალი ხარისხის და საერთაშორისო სტანდარტების დანადგარებით. აღნიშნული
ლაბორატორიის საშუალებით უკვე შესაძლებელია დანაშაულის ადგილიდან ამოღებული
ბიოლოგიური ნიმუშების დროული და მაღალხარისხიანი ექსპერტიზის დასკვნების
მომზადება.

ახალი ლაბორატორიები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დანაშაულების სწრაფ და
ეფექტიან გამოძიებას.

„ეს ლაბორატორია ჩვენს პოლიციელებს, გამომძიებლებს აძლევს საშუალებას, რომ
ეფექტურად შეასრულონ თავისი მოვალეობა. აქ არის სრულიად თანამედროვე,
უახლესი ლაბორატორიები, რომელიც ჩვენ ადრე არ გვქონდა. დნმ-დან დაწყებული,
ბალისტიკით დამთავრებული. ყველაზე მთავარი არის ის, რომ მთელმა გუნდმა
ძალიან ეფექტურად იმუშავა და ეს ყველაფერი ერთ წელიწადში გაკეთდა. მსურს,
შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ პოლიციელს და რაც მთავარია,
კრიმინალისტიკის დეპარტამენტს მივულოცო, ისინი უკვე რამდენიმე დღეა
ოპერირებენ ამ შესანიშნავ გარემოში და ვუსურვო წარმატებები“, – განაცხადა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

“ჩვენ ვნახეთ სულ ახალი შენობა, ახალი აპარატურა, ახალი პროგრამები. 1
წელიწადში მოხერხდა ამის აშენება, აპარატურის შემოტანა. დაახლოებით, 19-20
მიმართულებაა საექსპერტო-კრიმინალისტიკური მიმართულებით და ახლა დაემატა
კიდევ დნმ-ის კვლევის ჯგუფი, განყოფილება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია.
მე მინდა, წარმატებები ვუსურვო ჩვენს თანამშრომლებს, მაგრამ, რა თქმა უნდა,
ჩვენ ამაზე არ გავჩერდებით, კიდევ ვეცდებით, რომ ახალი პროგრამები,
აპარატურა შემოვიტანოთ და დავხვეწოთ”, – განაცხადა შინაგან საქმეთა
მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.

ახალ შენობაში თანამშრომელთათვის გაუმჯობესებული სამუშაო პირობებია და
ექსპერტიზის ლაბორატორიების გარდა, განთავსებულია ბალისტიკური ტირი,
სპეციალური საცავები, სამუშაო სივრცეები, ასევე, მოეწყო
სამუზეუმო-საგამოფენო სივრცე და რეკრეაციული ზონა. შენობა აღჭურვილია
ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების თანამედროვე, მძლავრი სისტემებით.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
შემდეგი სტატიახუნდაძე მერიასთან აქციაზე- იქ საჯარო მოხელეები არიან, სალობიეს თანამშრომლები არ დაგხვდებიან