პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრს რაშად ნაბიევს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.

განიხილეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის ფორმატში. ყურადღება დაეთმო ტრანსპორტისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერება და რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის ჩამოყალიბება. ისაუბრეს საქართველოს სატრანზიტო დერეფნის ფუნქციის განვითარების მიზნით განხორციელებულ და მიმდინარე რეგიონული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მათ შორის, განიხილეს ბაქო-თბილისი-ყარსის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის პროექტი, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტები.

ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის თანამშრომლობას ვაჭრობის სფეროში. ხაზგასმით აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულშია.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩი ფაიგ გულიევი, საქართველოს მხრიდან კი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და “საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი დავით ფერაძე ესწრებოდნენ.

წინა სტატიაშისამნიძე – შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა, ჩემი პოზიციაა, უნდა ვესაუბროთ სპიკერს ჩვენი დღის წესრიგით
შემდეგი სტატიაბეჟაშვილი – ხვალ დილისთვის ვიტყვით საბოლოო გადაწყვეტილებას, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრაში რა ფორმატით მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო ოპოზიცია