ბეჟაშვილი – ხვალ დილისთვის ვიტყვით საბოლოო გადაწყვეტილებას, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრაში რა ფორმატით მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო ოპოზიცია

საპარლამენტო ოპოზიცია აგრძელებს კონსულტაციებს, მნიშვნელოვანია ამ პროცესში ის, რომ შალვა პაპუაშვილთან შეხვედრა არ არის არსებითი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ხვალ დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა.

ბეჟაშვილის თქმით, საპარლამენტო ოპოზიციას უნდა ჰქონდეს თავისი დღის წესრიგი, რომელიც კორელაციაში არის არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების 12-პუნქტიან გეგმასთან.

„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას რიგგარეშე სესიის დღის წესრიგთან დაკავშირებით და ბუნებრივია, ამ დღის წესრიგის წარდგენა მოხდება, როგორც საზოგადოებისათვის, ასევე პრეზიდენტისათვის და მოთხოვნა შესაბამისად ჩამოყალიბებული იქნება. მნიშვნელოვანი არის, რომ მთლიანად, პარლამენტმა, საპარლამენტო ოპოზიციამ საზოგადოებას აჩვენოს ძალისხმევა, რომ აქტიურ მოქმედებაზე გადავედით, სექტემბერს და ოქტომბერს კი არ ველოდებით, ივლისში და აგვისტოში პარლამენტი რიგგარეშე სესიის დღის წესრიგით უნდა მუშაობდეს, რადგანაც დრო საკმაოდ ცოტა არის და 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები არის გადასადგმელი. ამიტომ ეს კონსულტაციები გაგრძელდება. ხვალ დილისთვის საპარლამენტო ოპოზიციას ექნება თავისი ჩამოყალიბებული დღის წესრიგი და ამ საკითხთან დაკავშირებით ცალკე ბრიფინგი გაკეთდება, მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას, პაპუაშვილთან შეხვედრაზე რა ფორმატით მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო ოპოზიცია“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

ლევან ბეჟაშვილის თქმით, ამ წუთის მონაცემებით, პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის თაობაზე ჯერჯერობით „ნაციონალურ მოძრაობას“ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.

„ნაციონალური მოძრაობისათვის“ მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო ოპოზიცია ერთიანი ფორმატით იყოს წარმოდგენილი და აქ, ამ შემთხვევაში, პაპუაშვილს კი არ ვესაუბროთ დეპოლარიზაციაზე, როგორ მოიქცევა ჭკვიანად ოპოზიცია, არამედ ვესაუბროთ არსებით საკითხებზე; კომისიებში დროის გაჭიანურებაზე კი არ ვესაუბროთ, არამედ ვესაუბროთ რიგგარეშე სესიის კონკრეტულ დღის წესრიგზე. არის საკითხები, რომელიც უკვე მომზადებულია, ამას განხილვაც არ სჭირდება. ერთ-ერთი ასეთი არის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც დეპოლარიზაციას შეუწყობს ხელს და მრავალპარტიულობის ელემენტს გააჩენს ქართულ პოლიტიკაში და არ იქნება მარტო ორი პარტია მთავარი. ასევე მნიშვნელოვანი არის ანტიკორუფციული მიმართულებით შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც უკვე წარდგენილი არის და რომლის განხილვა და მიღება უკვე შესაძლებელია. ამიტომ ჩვენ კონკრეტული დღის წესრიგით არასამთავრობო ორგანიზაციებთან გუშინდელი შეხვედრის შემდეგ შეთანხმებული დღის წესრიგით რიგგარეშე სესიის მოთხოვნას დავაყენებთ“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრს შეხვდა
შემდეგი სტატია“სანქციების თემა ენმ-ის ერთ-ერთი სპეკულაციაა… ყველაზე ანტიევროპული პარტია არის ზუსტად ენმ​​​​​​​” – თალაკვაძე