ფრაქციამ „ლელო – პარტნორობა საქართველოსთვის“ პარლამენტში ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე რეზოლუციის პროექტი დააინიცირა

ფრაქციამ „ლელო – პარტნორობა საქართველოსთვის“ პარლამენტში ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე რეზოლუციის პროექტი დააინიცირა.

6 პუნქტიან დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის უალტერნატივო პრიორიტეტია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანება. რეზოლუციის ინიციატორები და ხელმომწერები არიან სალომე სამადაშვილი, ფრაქციის თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე, არმაზ ახვლედიანი და ანა ნაცვლიშვილი, თუმცა ინიციატივას ფრაქციის ყველა წევრი იზიარებს და უჭერს მხარს.

როგორც ფრაქციაში ამბობენ რეზოლუციის მიღების აუცილებლობა განაპირობა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის ბოლო დროინდელმა განცხადებამ და ზოგადად რუსეთის ნეგატიურმა გააქტიურება ამ მიმართულებით. “ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის” ამბობენ, რომ პარლამენტმა უკიდურესი შეშფოთება უნდა გამოხატოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტორს მიერ 2021 წლის 12 დეკემბერს გავრცელებული განცხადების გამო, საქართველოს და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების თაობაზე ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის 2008 წლის ბუქარესტის სამიტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დეზავუირების მოთხოვნის გამო.

ფრაქცია „ლელო – პარტნორობა საქართველოსთვის“ მიაჩნიათ, რომ პარლამენტმა, როგორც ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ, მაქსიმალური ძალისხმევა უნდა მიმართოს, რათა გაძლიერდეს ალიანსის წევრ ქვეყნებთან პოლიტიკური დიალოგი. ასევე, გამოყენებულ უნდა იქნას ნატოში ინტეგრაციის ყველა ინსტიტუციური მექანიზმი, რათა დაჩქარდეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის სათანადო დონეზე აყვანა და სრულყოფილ იქნას ნატოსთან თავსებადობა, ქვეყნის ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში გაწევრიანების სწრაფი უზრუნველყოფის მიზნით.

ფრაქცია „ლელოს“ რეზოლუციის პროექტის განხილვის დაჩქარების საკითხი დღეს ბიუროს სხდომაზე ფრაქციის თავმჯდომარემ, ბადრი ჯაფარიძემ დააყენა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ, იმავე სხდომაზე აღნიშნა, რეზოლუციის პროქტი შესაძლოა მომავალ კვირასვე ჩაეშვას კომიტეტში განსახილველად და უახლოეს დროში გავიდეს პლენარულ სხდომაზე, მის მიღებას პარლამენტში, როგორც ოპოზიციის ისე მმართველი ძალის დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.
რეზოლუცია მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.

პროექტი

საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია
საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე

საქართველოს პარლამენტი, ხელმძღვანელობს რა საქართველოს ეროვნული ინტერესებით; ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებს, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს; ხელმძღვანელობს რა საქართველოს მოქალაქეების მიერ საგარეო-პოლიტიკური კურსის შესახებ გამოხატული ურყევი ნებით – ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის შესახებ ისტორიული არჩევანით, რომელიც ასახულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში; ითვალისწინებს რა ერთხმად მიღებულ „საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“ 2013 წლის 7 მარტის, „საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ“ 2016 წლის 29 დეკემბრის და 2020 წლის 25 დეკემბრის საქართველოს პარლამენტის რეზოლუციებში ასახულ ძირითად მიდგომებს:
უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტორს მიერ 2021 წლის 12 დეკემბერს გავრცელებული განცხადების გამო, საქართველოს და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების თაობაზე ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის 2008 წლის ბუქარესტის სამიტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დეზავუირების მოთხოვნის შესახებ.
აღიარებს რა საერთაშორისო ურთიერთობებში სახელმწიფოთა თანასწორობის პრინციპს და ეწინააღმდეგება რა მსოფლიოს გავლენის სფეროებად დაყოფას, სურს, შეახსენოს რუსეთის ფედერაციას, რომ სუვერენული ქვეყნის საგარეო პოლიტიკური არჩევანი მესამე სახელმწიფოს ვეტოს არ ექვემდებარება.
შეახსენებს რუსეთს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება, ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია. რომელიც მიმართულია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცების, ქართველი ხალხის კეთილდღეობის, დაცულობის და თავისუფლების უზრუნველსაყოფად. ნატოში გაწევრიანებისკენ სწრაფვა არაა მიმართული რომელიმე მესამე ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესების წინააღმდეგ და ემსახურება ევროპის კონტინენტზე მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას.
არ იზიარებს რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების განცხადებას, რომ ჩრდილოატლანტიკურ თანამშრომლობის ორგანიზაციის გაფართოება საფრთხეს უქმნის ევროპის კონტინენტის უსაფრთხოების არქიტექტურას. მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების სისტემის სტაბილურობას რისკის ქვეშ საერთაშორისო სამართლოს დებულებების, უპირველეს ყოვლისა კი, საზღვრების ურღვევობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის ხელყოფა აყენებს. ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გაფართოებამ ევროპის კონტინენტზე სტაბილურობა განამტკიცა, მათ შორის რუსეთისა და ნატოს წევრი სახელმწიფოების მომიჯნავე საზღვრებზე.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის უალტერნატივო პრიორიტეტია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანება.
საქართველოს პარლამენტი, როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განმსაზღველი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, საჭიროდ მიიჩნევს, რომ გაძლიერდეს ალიანსის წევრ ქვეყნებთან პოლიტიკური დიალოგი, გამოყენებული იქნას ნატოში ინტეგრაციის ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი და ინსტიტუციური მექანიზმი, რათა დაჩქარდეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის მზადყოფნა და სრულყოფილ იქნას ნატოსთან თავსებადობა, ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყნის ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში გაწევრიანების სწრაფი უზრუნველყოფის მიზნით.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაჯიშკარიანი: ფსიქოლოგიური მიმართულებით შესარჩევია ალტერნატიული დაწესებულება, სადაც სააკაშვილს ეფექტურ მკურნალობას გაუწევენ