”ფორუმელი” სულხან წულაძე ბრალს არ აღიარებს

საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ბრალდებული სულხან წულაძე მოინახულეს. როგორც ”თაიმერს” ომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს, ბრალდებულმა ომბუდსმენის რწმუნებულებს საქმის გარემოებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

”ბრალდებული არ აღიარებს მისთვის წაყენებულ ბრალს. ამასთან, სულხან წულაძეს არ გამოუხატავს რაიმე პრეტენზია დაწესებულების ადმინისტრაციის მისამართით. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი განაგრძობს მოცემული საქმის შესწავლას, მათ შორის მონიტორინგს გაუწევს საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესს”, – ნათქვამოია ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში.

14 აპრილს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა სულხან წულაძეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 326-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, რაც საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნულმა პირმა ”თბილისის ფორუმზე“ გახსნა ერთ–ერთი თემა, რომლის მიხედვითაც ის თითქოსდა ამზადებდა თავდასხმას საქართველოში აშშ-ის ელჩზე.
მიმდინარე წლის 15 აპრილს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე სულხან წულაძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

banner
წინა სტატიაშიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორთა საერთო კრება მოშიმშილე პროფესორების სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვს
შემდეგი სტატია“მთავრობის ნებაა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზა, რაც შეიძლება დამოკლდეს“