პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ჩემთვის შთამბეჭდავია ნატო-ს ერთიანობა, ვიმედოვნებ, როდესაც ქართველი და უკრაინელი კოლეგები შემოგვიერთდებიან

ის, რაც ჩემთვის შთამბეჭდავია, არის ნატო-ს ერთიანობა, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, მას იმედი აქვს, რომ სხდომაზე ქართველი და უკრაინელი კოლეგების მიმართ სოლიდარობას აჩვენებენ.

„ჩვენ გვქონდა ძალიან აქტიური მოლაპარაკებები, რამაც დაადასტურა ეს ერთიანობა. ვიმედოვნებ, რომ ამ დილით, როდესაც ქართველი და უკრაინელი კოლეგები შემოგვიერთდებიან, ჩვენ ვაჩვენებთ მათთან ანალოგიურ ერთიანობას, გაგებას და სოლიდარობას მათდამი“, – განაცხადა ზბიგნევ რაუმ.

კითხვაზე, განიხილება თუ არა საქართველოსთვის და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭების საკითხი, მიუახლოვდებიან თუ არა ეს ქვეყნები მეტად ნატო-ს წევრობას, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ამისთვის ორი გზა არსებობს.

„მნიშვნელოვანია, რომ ევროატლანტიკურ პერსპექტივასთან დაახლოება შესაძლებელია ორი გზით, ყველა პროცედურის გავლით, რომლებიც თქვენ ახსენეთ, მეორე გზაა არსებული გამოწვევების გადალახვითა და გამოცდილების დაგროვებით. ამგვარი გამოწვევები უკრაინასა და საქართველოს აახლოებენ ალიანსთან“, – განაცხადა ზბიგნევ რაუმ.

banner
წინა სტატიაშისუბსიდირებული იპოთეკური სესხით მარტოხელა მშობლებიც ისარგებლებენ
შემდეგი სტატიარუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან 12 წლის გოგონა გადმოვარდა