პოლიტიკურმა პარტიებმა და დამოუკიდებელმა კანდიდატებმა ოქტომბერში 11 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულება მიიღეს

ლარი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსის, ზურაბ აზნაურაშვილის ინფორმაციით, მხოლოდ ოქტომბერში პოლიტიკურმა პარტიებმა და დამოუკიდებელმა კანდიდატებმა ჯამში 11 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულება მიიღეს, – ამის შესახებ აზნაურაშვილმა ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, 11 მილიონი ლარიდან პარტიებმა და დამოუკიდებელმა კანდიდატებმა 8 მილიონი ლარი დახარჯეს.

„ოქტომბერში პოლიტიკურმა პარტიებმა და დამოუკიდებელმა სუბიექტებმა ჯამურად შემოწირულობის და საბიუჯეტო რესურსების ჩათვლით 11 მილიონ ლარზე მეტი თანხა მიიღეს. გახარჯულია 8 მილიონი ლარი. 3 მილიონი ლარი ნაშთად არის დარჩენილი, სავარაუდოდ, მეორე ტურისთვის გამოსაყენებლად. რაც შეეხება კონკრეტულად მხოლოდ შემოწირულობებს, საბიუჯეტო რესურსის გამოკლებით, 4 მილიონი ლარია შემოსული. ლიდერობს „ქართული ოცნება“, შემდეგ მოდის „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა ზურაბ აზნაურაშვილმა.

რაც შეეხება კითხვის ნიშნებს, აზნაურაშვილის განცხადებით მხოლოდ ოქტომბერში 22 შემომწირველის მიმართ აუდიტის სამსახური მოკვლევას აწარმოებს.

”22 პირის მიმართ მიმდინარეობს მოკვლევა, რადგან 3 წლის განმავლობაში მათი პირადი შემოსულობები იმაზე ნაკლებია, ვიდრე პარტიას შეწირეს. ამ პირებს უახლოეს მომავალში დავიბარებთ გამოკითხვაზე”, – განაცხადა აზნაურაშვილმა და დასძინა, რომ საარჩევნო პერიოდში მთლიანად 50 პირის მიმართ მიმდინარეობდა მოკვლევა.

აუდიტის სამსახურმა პარტიების შემოწირულობებთან დაკავშირებით მეორე შუალედური ანგარიში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო.

banner
წინა სტატიაშიჯანსუღ ჩარკვიანს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ
შემდეგი სტატიაოსწავლეების მოწამვლის გამო ქუთაისში კვების ობიექტი დახურეს