პოლიციამ ბათუმში მკვლელობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბათუმში მომხდარ განზრახ მკვლელობასა და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული, ძებნილი პირი – 1974 წელს დაბადებული რ.გ. დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს, ღამით, ბათუმში, მეზობლად მცხოვრებ ძმებს – 1972 წელს დაბადებულ ტ.კ.-ს და 1964 წელს დაბადებულ ა.კ.-ს, მათსავე საცხოვრებელ ბინაში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„მიღებული დაზიანებების შედეგად, ტ.კ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დაჭრილი ა.კ. საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.

მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს რ.გ.-ს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა) დაუსწრებლად ბრალი წარედგინა და მასზე ძებნა გამოცხადდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

დაკავებული რ.გ. პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის 4 581 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 494 პაციენტი
შემდეგი სტატიაპოლიციამ ბათუმში მკვლელობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი დააკავა