პოლიციამ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარ ინციდენტში მონაწილე 5 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარ ინციდენტში მონაწილე 5 პირი –
1987 წელს დაბადებული რ.წ., 1990 წელს დაბადებული ე.ა., 1995 წელს
დაბადებული ტ.ქ., 1995 წელს დაბადებული დ.ქ. და 1995 წელს დაბადებული გ.ტ.
დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები 2 მარტს ბათუმის რესპუბლიკურ
საავადმყოფოში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ. დაპირისპირების
შედეგად, სხეულის დაზიანება მიიღო ხუთმა პირმა, ორი მოქალაქე – 1994 წელს
დაბადებული გ.ჩ. და 1978 წელს დაბადებული ი.ბ. კი დაიჭრა. დაშავებულებს
სამედიცინო დახმარება კლინიკაში გაეწიათ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ
ემუქრება. პოლიციამ ერთ-ერთი დაკავებულის, გ.ტ.-ს პირადი ჩხრეკისას,
ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო, რომელსაც შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება.

სამართალდამცველები აგრძელებენ ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს
ინციდენტში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, იარაღის გამოყენებით
ჩადენილი ხულიგნობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლით, 239-ე
მუხლის მე-3 ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილისა და ქართველი ემიგრანტების შეხევდრა რომში – ადგილზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია
შემდეგი სტატიაგზებზე დაწესებული შეზღუდვების ნაწილი ამ დროისთვის მოხსნილია