,,ფეხებსაც ვერ მომჭამთ!“ – სამთავრობო ელიტაში ახალი სკანდალი მწიფდება

,,ფეხებსაც ვერ მომჭამთ!“ - სამთავრობო ელიტაში ახალი სკანდალი მწიფდება

,,ფეხებსაც  ვერ  მომჭამთ!“ – სამთავრობო ელიტაში ახალი სკანდალი მწიფდება

 

ვის მოხსნას სთხოვენ „თეატრალურის“ პროფესორ-მასწავლებლები პრემიერ კვირიკაშვილს

  

მალე, შესაძლებელია, ახალი სამთავრობო სკანდალი აგორდეს. ამის თქმის საფუძველს „თიამერს“ ის განცხადება აძლევს, რომელიც შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და  კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორ-მასწავლებლების საინიციატივო ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს გაუგზავნეს. ასლი კი, სამთავრობო ადმინისტრაციის კანცელარიის გამგესა და პრემიერის პიარ-სამსახურერთან ერთად, ჩვენც მოგვაწოდეს. განცხადებაში პროფესორ-მასწავლებლები თეატრალურში შექმნილ ვითარებას საგანგაშოს უწოდებენ და პრემიერ მინისტრს საქმის არსში გარკვევას სთხოვენ. უფრო მეტიც, ისინი გიორგი კვირიკაშვილს ურჩევენ, კულტურის მინისტრს მოუწოდოს, რომ თეატრალური უნივერსიტეტის რექტორი გიორგი მარგველაშვილი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლოს.

როგორც განცხადებიდან ირკვევა, კულტურის მინისტრს, სამინისტროს დებულების  საფუძველზე  (მუხლი 6; პუნქტი 3;  დ ქვეპუნქტის  თანახმად, თეატრალურის რექტორის მოხსნის უფლება აქვს.

„ვინაიდან, დღიდან მისი (გიორგი მარგველაშვილი) რექტორად ყოფნისა – 2005 წლიდან დღემდე, თავი ვერ გაართვა მასზედ დაკისრებულ მოვალეობას. იგი წლების განმავლობაში ეწევა რექტორისათვის შეუფერებელ საქმიანობას. რაშიც ხელს უწყობს მისივე აკადემიური საბჭო. საბჭოს წევრები არიან: 1) ავთანდილ ვარსიმაშვილი, 2) ალექსანდრე ქანთარია, 3) რამაზ ხოტივარი, 4) მერაბ  ურუშაძე, 5) ნინო სიხარულიძე, 6) უჩა დვალიშვილი, 7) ლელა ოჩიაური, 8) ეკატერინე კიკნაძე.

 ეს არის მისი ფიქციური, საბჭო რომელიც მონათმფლობელური წესით იმართება, რომელიც რექტორ გოგი მარგველაშვილს  ელემენტარულ საკითხზე კითხვასაც  ვერ  უსვამს  და ყველაფერზე  თავს  უქნევს.  ნებით  თუ  უნებლიედ, საბჭოს წევრები რექტორმა  ყველანაირ  დანაშაულში  ჩაითრია.  მათ  მეტი  არ  იციან  და  არც  შეუძლიათ,“ – აღნიშნული პრემიერის სახელზე დაწერილ განცხადებაში.

თეატრალური უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორ-მასწავლებლები, ასევე, აღნიშნავენ, რომ 2014 წლის 13 თებერვალს, „აკადემიურმა  საბჭომ  გოგი  მარგველაშვილი მე-3  ვადით,  ყველა  კანონის დარღვევით ისევ  რექტორად გაიყვანა. მიუხედავად იმისა,  რომ  აკადემიური საბჭო ოფიციალურად  განცხადებით  იქნა  გაფრთხილებული… აკადემიურმა  საბჭომ ყველაფერზე  თვალი დახუჭა  და შეგნებული გულგრილობა გამოიჩინა.  არ  გაითვალისწინა შექმნილი  გარემოებები, კერძოდ, პროკურატურაში  გ. მარგველაშვილის მიმართ არაერთი  სისხლის სამართლის  საქმეა  აღძრული, რის  გამოც, მას არანაირი  იურიდიული და მორალური  უფლება  არ  ჰქონდა არჩევნებში  მონაწილეობის. არჩევნებს  ჩვენი მხრიდან  დამკვირვებლად  ესწრებოდნენ   საინიციატივო  ჯგუფის  წევრი,  ხელოვნებისმცოდნეობის  მეცნიერებათა  დოქტორი,  პროფესორი,  სახელმწიფო  პრემიის  ლაურეატი,  კოტე  მარჯანიშვილის  პრემიის  ლაურეატი  ბ-ი   მერაბ  გეგია.  ასევე , არასამთავრობო  ორგანიზაციის   ახალგაზრდა უფლებადამცველთა   ასოციაციის  თავმჯდომარე,  ადვოკატი ალექსანდრე   კობაიძე.   

 უკვე  წლებია ქ. თბილისის პროკურატურაში (2010 წელს, შემდეგ 2013 წელს აღძრულია სისხლის სამართლის დანაშაულის საქმე. რექტორ გოგი მარგველაშვილზე და უნივერსიტეტის ხელმძღვანელ პირებზე სამსახურებრივი უფლება-მოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე – 332- ე მუხლის პირველი ნაწილი. საქმის ნომერია N010108493; მაგრამ პროკურატურა გამოძიების საქმეს ბოლომდე  არ  და ვერ ამთავრებს, საქმე გაჩერებულია….  თავად გამომძიებლის სიტყვებს მოგახსენებთ: ,,გააჩერეთ მანანა ბერიკაშვილი კულტურის სამინისტროში და გამოძიების დაწყება დამთავრება თუ არ შეგვიძლია, მაგასაც ნახავთ“.

ხოლო, რექტორი და მისი კრიმინალური დაჯგუფება თავხედურად  გვითვლის, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის  მაგისტრატურა  დოქტორანტურის განყოფილების უფროსის  თამილა  ქამუშაძის  პირით: ,,სანამ ჩვენი მანანა კულტურის სამინისტროშია, მანამდე გოგი მარგველაშვილს თითს ვერავინ დააკარებსო“.

პრემიერის სახელზე დაწერილ განცხადებაში, თეატრალურის ყოფილი თანამშრომლები დეპუტატ ნუკრი ქანთარიასაც ახსენებენ, რომელიც მათ, თურმე, უთვლის, ,,რამდენიც გინდათ ილაპარაკეთ 20 წლის შემდეგ ეგ ამბები არავის ემახსოვრება არაფერი გამოგივათო“.

ისევ ამონარიდი განცხადებიდან: „ წლების განმავლობაში, რექტორმა გოგი მარგველაშვილმა და მისმა კლანურ-კრიმინალურმა დაჯგუფებამ უმაღლეს სასწავლებელი ტოტალურ კორუფციის ჭაობში ჩაძირეს. საქმე ეხება სახელმწიფო თანხების   მითვისება-გაფლანგვას,  საბიუჯეტო  თანხების  არამიზნობრივ  ხარჯვას, სახელმწიფო დოკუმენტაციების,  მათ  შორის  დიპლომების გაყალბებას (2007 წლიდან დღემდე გაცემულია 5000 გამოუსადეგარი, ყალბი  დიპლომი, რომელიც სახელმწიფო სტანდარტებს არ ატარებს და არ არის ნამდვილი), რასაც  უნივერსიტეტის  იურისტი, ირაკლი  ნარმანიაც ადასტურებს  და თავად  უნივერსიტეტის  რექტორსა  და  აკადემიურ  საბჭოს  ,,ბანდას“   უწოდებს.   ხოლო, ამ ყველაფერზე კი კულტურის სამინისტრო  თვალს ხუჭავს…. ვინაიდან  და  რადგანაც, კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი რექტორ გოგი მარგველაშვილს  ლობირებს, რასაც  თავად  გ. მარგველაშვილიც  ღიად  გვითვლის: ,,ფეხებსაც  ვერ  მომჭამთ,  არ იცით,  ჩემს  უკან   მანანა  ბერიკაშვილი  დგასო“.

 ასევე, ხელის შემშლელი ფაქტორი გახლავთ კულტურის მინისტრის მოადგილე   ლევან ხარატიშვილი,  რომელიც  კულტურის  სამინისტროში მანანა  ბერიკაშვილმა  წაიყვანა. ხოლო, ლ. ხარატიშვილის დედა, თამარ (ტატა) ვეფხვაძე  თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერისტეტის ხარისხის მართვის უფროსია (იგივე თანამდებობა უკავია თამარ ვეფხვაძეს ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში). სწორედ თამარ (ტატა) ვეფხვაძე და რექტორი გოგი მარგველაშვილი, უშუალოდ არიან პასუხისმგებელი პირები დიპლომების გაცემის ხარისხზე. მოგეხსენებათ, დიპლომი სახელმწიფო მნიშვნელობის დოკუმენტაციაა. გაყალბებული დიპლომები, რომელსაც რექტორი გ. მარგველაშვილი გასცემს, აშშ-ის საელჩოში იქნა აღმოჩენილი, როდესაც უნივერსიტეტის კურს დამთავრებულებმა აშშ-ი გადაწყვიტეს წასვლა  სწავლის  გასაგრძელებლად. მათ საელჩოში აცნობეს, რომ დიპლომი არ იყო სახელმწიფო  სტანდარტების  მატარებელი და არ იყო ნამდვილი. რის გამოც საზღვარგარეთ სწავლას ვერ გააგრძელებდნენ. გამოუსადეგარი- გაყალბებული დიპლომები  თეატრისა და  კინოს  სახელმწიფო  უნივერსიტეტში  2007 წლიდან დღემდე გაიცემა… გაყალბებული  დიპლომების  რაოდენობა ათასებს ითვლის, რაც ჟურნალისტური  გამოძიების შდეგად იქნა გამოვლენილი. ამის ფაქტები ხელზე გვაქვს…

ბატონო  გიორგი,  საინიციატივო  ჯგუფი, უკვე მეშვიდე  თვეა ოფიციალურად, განცახდებით ვითხოვთ კულტურის  მინისტრთან  მიხეილ გიორგაძესთან  შეხვედრას, რათა უშვალოდ მივაწოდოთ დანაშაულებრივი  ფაქტები და სამინისტროს  დებულების  თანახმად,  მინისტრის  უფლებამოვალეობანი   მუხლი  6.   დ)  ქვეპუნქტის  თანახმად,  გაათავისუფლოს  რექტორი  გ. მარგველაშვილი  დაკავებული  თანამდებობიდან,  მაგრამ მინისტრი  რატომღაც  არ გვხვდება,    გვემალება!

ხანგრძლივი  საპროტესტო  აქციების  შემდეგ,  ჩვენივე მოთხოვნით  2014 წლის დეკემბერში, კულტურის სამინისტრომ  თეატრისა და კინოს  სახელწიფო  უნივერსიტეტში  ჩაატარა აუდიტორული შემოწმება.  აუდიტებმა ჩვენს  მიერ  მიწოდებული   12  პუნქტიანი   დარღვევებიდან   8  საერთოდ არ შეისწავლა,  4 საკითხი  – ძალიან   ზედაპირულად  და  მხოლოდ   ერთ საკითხზე, ენციკლოპედიის  საქმეზე დაწერა  დარღვევა. ეს  საკითხიც,  ჩვენი,  პროფესორ-მასწავლებელთა საინიციატივო ჯგუფის  ძალისხმევით  გამოაშკარავდა, როდესაც  პირადად  შევხვდით  სამინისტროს  აუდიტებს – ვაჟა  ხმალაძესა და კახა  კაკაჩიას  2014 წლის 10  დეკემბერს.

რაც  შეეხება  ენციკლოპედიის საქმეს,  წლების   განმავლობაში, არამიზნობრივად  გახარჯულია   საბიუჯეტო თანხები 409 420 ლარი და საქმე დღემდე შეუსრულებელია. ინსპექტირების დასკვნაში აუდიტებმა  მიცეს  დამატებითი  დრო, რათა  დაესრულებინათ და  გამოეცათ   სამტომეული  ენციკლოპედია,  ამიტომ  დასკვნაში  ჩაწერეს დამატებითი ვადები, მაგრამ საქმე   ისევ  არ შესრულდა. ამის შემდეგ, რექტორმა გ. მარგველაშვილმა  აკადემიურ   საბჭოსთან  ერთად  დაარღვია ინსპექტირების დასკვნის  ვადები და ენციკლოპედიის  რედაქტირების საბოლოო  ვადა 2015 წლის 2 ნოემბრით განსაზღვრეს, თუმცა სამუშაო ვერც 2 ნოემბერს შესრულდა. ამ ყველაფერზე კულტურის სამინისტრო, ისევ თვალს ხუჭავს… ყოველივე ეს, სხვა არაფერია, თუ არა დანაშაულის დაფარვის  ხელშეწყობა.  ჩვენი  აქციების  შედეგად, მოიხსნა  კულტურის იმჟამინდელი მინისტრი  გურამ   ოდიშარია,  მიუხედავად  ამისა,  კულტურის  მინისტრის  მოადგილე მანანა  ბერიკაშვილმა  მოახერხა  და  ისევ  დარჩა  თანამდებობაზე,   ხოლო,  ამის  შემდეგ   მანანა  ბერიკაშვილის  ფაქტორი   კიდევ   უფრო   ნეგატიურად   გამოიკვეთა… თეატრისა  და  კინოს  სახელმწიფო   უნივერსიტეტში  რემონტების  თემა  საერთოდ  ცალკე   საუბრის  საგანია,  რასაც  ამჟამად   არ    შევეხებით…

ბატონო გიორგი, ასევე დამატებით გაცნობებთ, რომ არც კულტურის სამინისტრო  და არც  პროკურატურა  ჯერჯერობით   არ და  ვერ  ინტერესდება, თუ სად გაქრა ნახევარი მილიონი ლარი, რომელიც კულტურის სამინისტროდან მანანა ბერიკაშვილმა ჩაურიცხა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს 2014 წლის    მაისში. 

მოგახსენებთ, სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებლებს კულტურის სამინისტროში მანანა ბერიკაშვილი კურირებს. ეს თანხა უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშიდან ისე გაქრა, რომ საქმეს არ მოხმარდა… თანხა, უნივერსიტეტის კინო ფაკულტეტისთვის იყო გამოყოფილი. კერძოდ, ფაკულტეტის სასწავლო სტუდია უნდა აღჭურვილიყო უახლესი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, რაც არ შესრულდა…

ბატონო გიორგი, არ შეიძლება უმაღლეს სასწავლებელს ხელმძღვანელობდეს ადამიანი, რომელიც  ბოროტად იყენებს თავის უფლებამოსილებას, რომელმაც უამრავი თაობები  დაღუპა, ტოტალური კორუფცია, ძალმომრეობა და ათასგვარი სიბინძურე წესად დანერგა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. არ შეიძლება, უმაღლეს სასწავლებლის ხელმძღვანელი ერქვას ადამიანს, რომელიც უკანონოდ, მესამე   ვადით რჩება ისევ და ისევ რექტორის თანამდებობაზე. რომელიც   ღიად   და  თავხედურად  გვითვლის ,,პრესა თქვენია, პროკურატურა კი – ჩემიო“.

სწორედ, გ. მარგველაშვილის და მისი კლანურ-კრიმინალური დაჯუფების შედეგია, რომ ფუნქცია დაკარგა თეატრისა და კინოს  სახელმწიფო  უნივერსიტეტმა და   დღეს  მთლიანად    დემორალიზებულია …

არ შეიძლება უმაღლეს სასწავლებლის რექტორი ქვეყნის და სახელმწიფო ინტერესების   წინააღმდეგ  მიმართულ   დანაშაულებრივ   ქმედებებს   ჩადიოდეს  და  ისევ   თანამდებობაზე რჩებოდეს.“

პრემიერ გიორგი კვირიკაშილის სახელზე დაწერილ განცხადებას ხელს ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორ-მასწავლებელთა საინიციატივო ჯგუფის ხემძღვანელი მარინე მიქაუტაძე; ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სახელმწიფო პრემიის ლაურიატი, კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურიატი მერაბ გეგია;  კინორეჟისორი, დოკუმენტალისტი პროფესორი, სახელმწიფო პრემიისა და მსოფლიო სხვადასხვა პრემიების ლაურიატი გია ჭიბაბრია; ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი, ჟურნალ „თეატრი  და  ცხოვრების“ პასუხისმგებელი მდივანი ნინო მაჭავარიანი და კანცელარიის გამგე

ლარისა (ლალი) ძებისაშვილი აწერენ.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ვითხოვთ თქვენს მყისიერ მოქმედებას, რათა დაუყონებლივ იქნას გათავისუფლებული გოგი მარგველაშვილი რექტორის თანამდებობიდან,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

 

banner
წინა სტატიაში(video) ბათუმში ინდური ფილმისთვის მუსიკალური კლიპი გადაიღეს
შემდეგი სტატიაპირველმა ლედიმ თემო მარგველაშვილის მორიგი ფოტოები გამოაქვეყნა