პატრიარქის პოზიცია დროულია და შეესაბამება ჩვენი სახელმწიფოს ღირებულებებსა და პრინციპებს – თალაკვაძე

პატრიარქის პოზიცია დროულია და შეესაბამება ჩვენი სახელმწიფოს ღირებულებებსა და პრინციპებს – ამ განცხადებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, საქართველოს პატრიარქის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც ილია მეორე სასულიერო პირებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

„როგორც ყოველთვის, პატრიარქის პოზიცია ძალიან დროულია და ზუსტად შეესაბამება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომელზეც ჩვენი სახელმწიფოა დაფუძნებული. ამ შემთხვევაში, პატრიარქის განცხადება ეკლესიისა და სახელმწიფოს დამოკიდებულებას გამოხატავს. მივესალმებით, რომ პატრიარქმა ეს განცხადება გააკეთა“, – დასძინა თალაკვაძემ.

პატრიარქი მიმართვაში აღნიშნავს, რომ ზოგიერთი სასულიერო პირი პოლიტიკური შინაარსის განცხადებებს აკეთებს და პოლიტიკურ პირებს არაკორექტულად მოიხსენიებს.

ილია მეორის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება პოლიტიკურად ნეიტრალური.

„სამწუხაროდ, არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით ზოგიერთი ღვთისმსახური აკეთებს პოლიტიკური შინაარსის განცხადებებს და ამასთან საჯარო სივრცეში არაკორექტულად მოიხსენიებს ამა თუ იმ პოლიტიკურ პირს. მოვუწოდებთ მოძღვრებს, მღვდელმთავრებს, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან. მათ ასევე შევახსენებთ, რომ ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება პოლიტიკურად ნეიტრალური ერის გამაერთიანებელი ძალა და ჩრდილს ნუ აყენებენ მას და საკუთარ თავს,“- აღნიშნულია პატრიარქის მიმართვაში.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი-პატრიარქი შემთხვევით არასდროს არაფერს ამბობს
შემდეგი სტატიაარჩევნები პირველივე ტურში, სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებით დასრულდება – მდინარაძე