პატრიარქი ანდერძით მემკვიდრეს ვერასოდეს დატოვებს – ეს აბსურდია

ფაქსიმილეს გაქრობაზე ინფორმაცია ყურით მოტანილი ჭორია, საპატრიარქოდან არაფერი გამქრალა, – ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა. მეუფე დიმიტრის თქმით, ამ კონტექსტში რამდენჯერმე გაიჟღერა პატრიარქის ანდერძის საკითხმა და გარკვეულმა ჯგუფმა ანდერძთან თავად მეუფე დიმიტრიც დააკავშირა, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და თვალში ნაცრის შეყრის მცდელობაა.

„პატრიარქი ანდერძით მემკვიდრეს ვერასოდეს დატოვებს, ეს გამორიცხულია, აბსურდია. ანდერძში მხოლოდ მისი მოსაყდრეა მოხსენიებული, რომელმაც, ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს პატრიარქი, მისი გარდაცვალების შემდეგ დაკრძალვა უნდა უზრუნველყოს. სწორედ ანდერძით დასახელებული მესაყდრე მართავს და იწვევს საეკლესიო კრებას, სადაც წმინდა სინოდი მომავალ პატრიარქს აირჩევს. ვიმეორებ, ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს პატრიარქი, გარდაცვლილი უწმინდესი როგორ დატოვებს მემკვიდრეს მისი სურვილისამებრ, როდესაც ხშირია შემთხვევა, ცოცხალ პატრიარქსაც არ ეპუებიან. დიახ, ხანდახან ასეც ხდება – წმინდა სინოდი ცოცხალი ორგანიზამია და უამრავ საკითხს დიდხანს განიხილავენ, ბაასობენ. პატრიარქობის კანდიდატი წმინდა სინოდის 47-ვე წევრია, ასე რომ, ყველა შეიძლება მოიაზრებოდეს, ჩემს გარდა“, – განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილთან დაპირისპირებას უარყოფს.

„ეს მხოლოდ ჭორებია. ადამიანები ხანდახან გარკვეულ საკითხებზე კამათობენ, მე და შორენასაც გვქონდა მსგავსი კამათი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დაპირისპირებულები ვართ ან ერთმანეთს მტრებად მოვიაზრებთ. მეტიც, შორენასთან ნათესაური კავშირიც მაქვს – ის ჩემი შვილიშვილის ნათლიაა. აქ მთავარი კითხვაა, რატომ ვერ ჩამოყალიბდა პროკურატურა საკუთარ პოზიციაში და რატომ გვესმის, რომ ხან მაღალი იერარქიის სასულიერო პირის, ხანაც შორენა თეთრუაშვილის ლიკვიდაცია იგეგმებოდა? ერთმა დეპუტატმა ისიც კი თქვა, იქნებ დეკანოზს გერმანიაში ციანიდი გასაყიდად მიჰქონდაო. ფაქტია, ეს ორაზროვანი განცხადებები მთელ ამ პროცესს არასერიოზულს ხდის. შორენა თეთრუაშვილი 35 წელია პატრიარქის პირადი მდივან-რეფერენტია. კარგად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას თუ ავად, ეს მხოლოდ პატრიარქის გადასაწყვეტია. ასე რომ, არც მეუფე პეტრეს, არც მე და არც ვინმე სხვას აქვს უფლება, პატრიარქს უთხრას, შორენა თეთრუაშვილი მრჩევად თუ მდივნად ნუ გეყოლებაო“, – განაცხადა მეუფე დიმიტრიმ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

მეუფე დიმიტრი მიიჩნევს, რომ ჭყონდიდის მიტროპოლიტის მსგავსი გამოსვლები „ეკლესიის კეთილდღეობას არ ემსახურება“ და აცხადებს, რომ ამ საკითხზე მას და მეუფე პეტრეს განსხვავებული შეხედულებები აქვთ.

banner
წინა სტატიაშიდაკავებული დეკანოზის დასაკითხად ჯერ პროკურატურის წარმომადგენლები არ მისულან
შემდეგი სტატია“მატროსოვის ციხეში” დეკანოზის დაკითხვა იწყება – დასაკითხად პროკურატურის წარმომადგენლები მივიდნენ