პარლამენტში დღეს ლევან იზორიას მოუსმენენ

პარლამენტი პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას მოუსმენს.

ლევან იზორია თავდაცვის სამინისტროს რეფორმებს საკანონმდებლო ორგანოს გააცნობს. მინისტრი ყურადღებას ასევე, თავდაცვის უწყებასა და ნატო-ს თანამშრომლობაზე გაამახვილებს.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, თავდაცვის უწყების მუშაობას საკანონმდებლო ორგანო აკვირდება საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში.

„თავდაცვის უნარიანობა, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი ინტერესის ქვეშ, როგორც საზოგადოებაში, ისე პარლამენტში. თავდაცვის სამინისტროს ძალები არის ერთგვარი ლოკომოტივი ნატო-ს გზაზე, ამიტომ ამ უწყებაში მიღწევები არის ძალიან მნიშვნელოვანი.

საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში პროცესს ვაკვირდებით. მიღწევები მართლაც შთამბეჭდავია და ეს აღიარებულია საერთაშორისო ექსპერტების განსაკუთრებით ნატო-ს შემფასებელი ჯგუფების მიერ. დარწმუნებული ვარ, იქნება საინტერესო დისკუსია. იქ სადაც არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებია. ვფიქრობ, რომ თავდაცვის მიმართ პარლამენტშიც გამოჩნდება ჩვენი მხარდაჭერა, “ – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

თავდაცვის მინისტრთან კითხვები ოპოზიციასაც აქვს. მთავარი საკითხი, რომელსაც ოპოზიცია პლენარულ სხდომაზე დააყენებს, სამხედრო სავალდებულო სამსახურია.

„ევროპული საქართველოს” წევრის, ოთარ კახიძის თქმით, სისტემა არ არის მზად მოქალაქეებს სამხედრო სამსახური შეასწავლონ. ოპოზიციური ფრაქცია ლევან იზორიას ასევე კითხვებს თავდაცვის შესყიდვებში კორუფციასა და ნეპოტიზმთან დაკავშირებითაც დაუსვამს.

„თავდაცვის მინისტრთან „ევროპულ საქართველოს” ექნება სხვადასხვა კითხვა, მათ შორის პირველ რიგში, ეს ეხება სამხედრო სავალდებულო სამსახურის პრობლემატურობას და პროფესიული არმიის თემას,” – განაცხადა ოთარ კახიძემ.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთში დააპატიმრეს პირი, რომელიც საბავშვო ბაღში ტერაქტს გეგმავდა
შემდეგი სტატიასაგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 47-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს