“პარლამენტმა უნდა ჩააგდოს კანონპროექტი მის ბოლო მოსმენაზე. მთავრობამ უნდა უზრუნველყოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტური უფლებები და პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ყველა სავარაუდო შემთხვევის ეფექტიანი გამოძიება” – ამის შესახებ “ჰიუმან რაითს უოჩში” აცხადებენ.
HRW-ის განცხადების თანახმად, კანონპროექტი, რომელიც „გარკვეულ არასამთავრობო ჯგუფებსა და მედიასაშუალებებს ავალდებულებს დარეგისტრირებას „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად“, ემუქრება ფუნდამენტურ უფლებებს ქვეყანაში“.
HRW-ის განცხადებაში წერია, რომ „კანონპროექტი არ შეესაბამება საკანონმდებლო ვალდებულებებს, რომლებიც საქართველოს აღებული აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო კონვენციასთან მიერთებით. საერთაშორისო სამართლით, დაშვებულია გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებების გარკვეული შეზღუდვები, თუმცა ეს კანონპროექტი დიდად აჭარბებს ნებისმიერ ლეგიტიმურ ჩარევას ამ უფლებებში“.
ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორ ჰიუ უილიამსონის განცხადებით, „უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტი თელავს ფუნდამენტურ უფლებებს და საქართველოს ხელისუფლებამ ის უნდა გაიწვიოს. მათ სწრაფად და ეფექტიანად უნდა გამოიძიონ პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობის შემთხვევები და დაიცვან მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებები“.
საქართველოს პარლამენტარები და მთავრობის წარმომადგენლები ოფიციალურად იცავენ კანონპროექტს იმ მხრივ, რომ ის უზრუნველყოფს გამჭვირვალეობას, მაგრამ ისინი არ ფარავენ ამ კანონპროექტით განზრახულ მიზანს. დამოუკიდებელი ჯგუფებისა და მედიის უცხოური ინტერესების მსახურებად გამოცხადებით ისინი მიზნად ისახავენ ქვეყანაში ნებისმიერი ქმედითი დემოკრატიისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე – კრიტიკული ხმების მარგინალიზაციასა და ჩახშობას“, – ამბობს ჰიუ უილიამსონი.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საქართველოს კანონპროექტი არის რუსეთის „უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონის მსგავსი და იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2022 წლის გადაწყვეტილებას რუსეთის კანონზე, რომლის თანახმადაც დაირღვა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლი შეკრების თავისუფლების შესახებ და რომ ევროსასამართლოს თანახმად, დაუსაბუთებელი იყო სპეციალური სტატუსისა და სამართლებრივი რეჟიმის შექმნა უცხოური და საერთაშორისო წყაროებიდან დაფინანსების მიმღები ორგანიზაციებისთვის და რომ ეს შეზღუდვები არის მათი ლეგიტიმური საქმიანობის შეზღუდვა.
HRW აცხადებს, რომ „გაერთიანების თავისუფლების უფლების განუყოფელი ნაწილია ეროვნული, საერთაშორისო და უცხოური წყაროებიდან რესურსების მოძიება, მიღება და გამოყენება“.