პარლამენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას ხვალიდან იწყებს

პარლამენტის პლენარული კვირის დღის წესრიგით ორი კონსტიტუციური პროექტის განხილვა იგეგმება, რომლებიც მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ მოამზადეს.

უმრავლესობის მიერ მომზადებული ცვლილებები 2020 საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს.

პროექტის მიხედვით, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა.

ცვლილებების თანახმად, არჩევნები ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მანდატს ყველა ის პოლიტიკური პარტია მიიღებს, რომელსაც სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარისი ხმების რაოდენობა ექნება.

გაუნაწილებელი მანდატების შემთხვევაში, ის თანმიმდევრობით გადანაწილდება უკეთესი შედეგის მქონე პარტიებზე.

აღნიშნული კონსტიტუციური კანონპროექტი მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკების მონაწილეობის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, რაც მმართველი გუნდის განმარტებით, იმით არის განპირობებული, რომ დაბრკოლება არ შეექმნას პარტიული სისტემის განვითარებასა და ინსტიტუციონალიზაციას.

პარლამენტი ასევე იმსჯელებს ოპოზიციის მიერ მომზადებულ ცვლილებებზეც, რომლითაც გათვალისწინებულია არჩევნების ჩატარება 3%-იანი ბარიერის პირობებში, თუმცა, დაშვებულია საარჩევნო ბლოკებად გაერთიანება.

banner
წინა სტატიაში“2013 წელს მეუფე პეტრეს და სხვა მეუფეებს ეიმედებოდათ ჩემი ხელისუფლებაში მოსვლა”
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია – პროკურატურის გადაწყვეტილება, რომ მეუფე იაკობის განცხადებაზე გამოძიებას არ იწყებს, ეჭვებს ბადებს