პაპუაშვილი – საქმე ევროკავშირისა და აშშ-ს თანხებს ეხება, რომელიც საქართველოში ფარულად იხარჯება

საქმე ევროკავშირისა და აშშ-ს თანხებს ეხება, რომელიც საქართველოში ფარულად იხარჯება – წარმოიშობა კითხვა, რა ტიპის ორგანიზაციაა “ევროპის დემოკრატიის ფონდი“ და აშშ-ს “დემოკრატიის ნაციონალური ფონდი“, რომელიც უცხო ქვეყანაში ფულს ფარულად ხარჯავს? არ ვიცი, რა კავშირი აქვს ამას დემოკრატიასთან, ეს უფრო სპეცსამსახურების მუშაობის სტილს ჰგავს! – ეს განცხადება მედიასთან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

როგორც პაპუაშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით პანიკის ატეხა უცხოელი აქტორების ინტერესშია.

“კანონპროექტის კანადაში ინიცირებასთან დაკავშირებით სადმე პანიკა ატყდა?! დირექტივის ინიცირება მოხდა ევროკავშირში – სადმე ატყდა პანიკა?! რატომ არის პანიკური სიტუაციის შექმნის სურვილი ზოგიერთი უცხოელი აქტორის მხრიდან საქართველოში? – ერთადერთი მიზანი არის ის, რომ თავად ამ აქტორების ინტერესია, ვინაიდან საქმე ევროკავშირისა და აშშ-ს თანხებს ეხება, რომელიც საქართველოში ფარულად იხარჯება. ეს მათთვის არაერთხელ მითქვამს. სხვათა შორის ჩვენს პარტნიორებთან ვთანხმდებით, რომ “ევროპის დემოკრატიის ფონდი“ და აშშ-ს “დემოკრატიის ნაციონალური ფონდი“ თავის ფინანსებს არ ასაჯაროებს და მალავს.

ამაზე ვთანხმდებით – ამას არავინ უარყოფს, რომ ეს დაფარული თანხებია! წარმოიშობა მეორე კითხვა, რა ტიპის ორგანიზაციაა ეს ორი ორგანიზაცია, რომელიც უცხო ქვეყანაში ფულს ფარულად ხარჯავს? არ ვიცი, რა კავშირი აქვს ამას დემოკრატიასთან, ეს უფრო სპეცსამსახურების მუშაობის სტილს ჰგავს, რაც ამ ორგანიზაციებთან დაკავშირებით სხვა ტიპის კითხვებს აღძრავს. შემდეგ შემთხვევით ვიგებთ, რომ ეს ორგანიზაციები არიან იმ პარტიების დამფინანსებლები, რომლებიც დღეს რადიკალურ დღის წესრიგს ახორციელებენ. თუკი დავაკვირდებით ვინ არის ძალადობრივი აქციების, პარლამენტზე თავდასხმის ორგანიზატორები, ვინ მოუწოდა მშვიდობიან დემონსტრაციას, რომ პარლამენტის პიკეტირება მომხდარიყო, მომხდარიყო გადაადგილება კანცელარიასთან და ასე შემდეგ – თუკი ვნახავთ ორგანიზატორებს, ვინც ამის ინსპირატორები არიან, ამ ორი ფონდის – “ევროკავშირის დემოკრატიის ფონდის“ და “აშშ-ს დემოკრატიის ნაციონალური ფონდის” კვალს აღმოვაჩენთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის მტკიცებით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება არის ქართველი ხალხის ინტერესში და არის ქართველი ხალხის მიერ მხარდაჭერილი“. მისივე თქმით, კანონპროექტს პარლამენტი მესამე მოსმენით განიხილავს და მიიღებს.

“რაც შეეხება სხვადასხვა პოლიტიკოსების, უცხოელი აქტორების მოსაზრებებს, ნაკლებია ნდობა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ მოგვიწოდებდნენ და ამით სამხედრო დაპირისპირებისკენ გვიბიძგებდნენ, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოგვიწოდებდნენ, რასაც ზოგიერთი დღემდე არ იშლის, ამით დაპირისპირებისკენ გვიბიძგებდნენ. რაც შეეხება ზოგადად კოლეგებთან საუბარს, ჩვენ მათთან საუბრისთვის მზად ვართ – ვუხსნით, რა გარემოებებია და ვისაც არგუმენტები აქვს, ვისმენთ. სამწუხაროდ, დღემდე რაიმე შინაარსობრივი არგუმენტი არ მოგვისმენია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისუს-ის ეს განცხადება არის აგონიაში მყოფი, შეშინებული ხელისუფლების და რუსი ოლიგარქი ივანიშვილის განცხადება – ნადირაძე
შემდეგი სტატიაიოზვიაკი – შესაძლოა, ევროკომისიამ მალე ინფორმაცია გაავრცელოს, როგორ უკავშირდება „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებს