პაპუაშვილი: მოგესალმებით ბუენოს-აირესიდან

გამარჯობა, მოგესალმებით ბუენოს-აირესიდან, – ასე მიმართა პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს პარტიის ოფისში ბრიფინგის დაწყებისას. ამით ის მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს გამოეხმაურა, რომელშიც ექსპრეზიდენტი ამტკიცებს, რომ ბათუმშია.

მისივე თქმით, ხვალ მოსახლეობა საკუთარ მუნიციპალიტეტებში მერებს და საკრებულოს წევრებს აირჩევს.

„ამ არჩევნებზე ქვეყანა რეფორმირებული საარჩევნო კანონმდებლობით და საარჩევნო ადმინისტრაციით გადის. პარლამენტის მიერ გატარებული რეფორმების შედეგად:

– საარჩევნო კომისიების პარტიული წევრების ნაწილი გამრავალფეროვნდა და მასში ახლა 9 პარტია თანაბრად არის წარმოდგენილი, რაც უზრუნველყოფს კომისიებში პარტიების ურთიერთკონტროლს
– საუბნო საარჩევნო კომისიის 29 000 პროფესიული წევრიდან 99.9 % არჩეულ იქნა ოპოზიციის მონაწილეობით, რაც ადასტურებს საარჩევნო კომისიის მიმართ მრავალპარტიულ ნდობას.
– დაწესდა უბნებთან 100 მეტრიანი პერიმეტრი სადაც აკრძალულია მოქალაქეთა შეკრება, რაც უზრუნველყოფს მშვიდ საარჩევნო გარემოს
– მოხდება უბნების 10%-ის შემთხვევით შერჩევა და გადათვლა, რაც დათვლის შედეგების კონტროლთან ერთად, უზრუნველყოფს დარღევების პრევენციას.
– განხორციელდება ბიულეტენების დათვლის ვიდეოფიქსაცია და ვიდეო-ფაილების ინტერნეტში ღია წვდომისთვის ატვირთვა, რაც ნებისმიერ მოქალაქეს მისცემს ნებისმიერი უბნის ვიდეოჩანაწერის მეშვეობით გადათვლის შესაძლებლობას.
– თბილისში, კრწანისის რაიონში, პილოტირებას გაივლის ბიულეტენების ელექტრონული მთვლელები, რაც სამომავლოდ, ელექტრონულ არჩევნებზე გადასვლის მნიშვნელოვანი ეტაპია.
– და კიდევ ბევრი სხვა ცვლილება, რომელიც არავის მისცემს ამ არჩევნების შედეგების დისკრედიტირების შანსს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, პარტია „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებზე მოსახლეობას შესთავაზებს კიდევ ერთ სიახლეს და ამ სახით ის უპრეცედენტო იქნება.

„ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები და თავად არჩევნების დღე, როგორც დემოკრატიის ყველაზე ფუძემდებლური მომენტი, უნდა იყოს მოქალაქეების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ. სწორედ ამიტომ ჩვენ შევქმენით – „საარჩევნო პორტალი 2021“ – სპეციალური სივრცე ინტერნეტში, სადაც მოქალაქეებს არჩევნების დღესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება შეეძლებათ. პორტალი უკვე განთავსებულია მისამართზე elections2021.ge“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავით ჭიჭინაძე: 2 ოქტომბერს დასაცავია 41-ის წინააღმდეგ მიცემული ყველა ხმა!
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით თანამედროვე სტანდარტების იტალიური პურის საწარმო- „რომივერია“ გაიხსნა