პაპუაშვილი – კანდიდატის სტატუსის მონიჭება იქნება უსამართლობის გამოსწორება

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება არა მხოლოდ რეკომენდაციებთან დაკავშირებით ხელისუფლების საქმიანობის დაფასება, არამედ უსამართლობის გამოსწორებაც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ ევროკომისიის ხვალინდელი ანგარიში პოზიტიური იქნება.

ხვალ ყველა ველოდებით ევროკომისიის მხრიდან დასკვნის გამოქვეყნებას. გვაქვს პოზიტიური მოლოდინები. ბოლო ორი თვის განმავლობაში განსაკუთრებით ინტენსიურად ვმუშაობდით ევროკომისიასთან. ნახეთ, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებას დიდი პანიკა მოაყოლა ოპოზიციამ და რამდენიმე „ენჯეომ“. საბოლოო ჯამში, ევროკავშირის ელჩსაც კი მოუწია განმარტების გაკეთება, რომ ცვლილებები მჭიდრო კომუნიკაციით იყო შედგენილი. განსაკუთრებით ბოლო ორი თვის მჭიდრო თანამშრომლობა გვაძლევს იმედს, რომ შეფასება იქნება პოზიტიური, შესაძლებელი იქნება შემდეგ ეტაპზე გადასვლა კანდიდატის სტატუსის მიღების მხრივ.

კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გავუსვათ, რომ საქართველო შარშან, ივნისშივე იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, „ასოცირებულ ტრიოში“ უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით, იყო ლიდერი ქვეყანა, რჩება ლიდერად. საქართველოს მიმართ შარშანდელი გადაწყვეტილება იყო უსამართლო, ამიტომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება არა მხოლოდ რეკომენდაციებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების საქმიანობის შეფასება და დაფასება, არამედ უსამართლობის გამოსწორებაც.

რაც შეეხება საუბარს, თითქოს გადაწყვეტილება მიღებული იქნება გეოპოლიტიკის, ქართველი ხალხის გამო, არ ვიცი, შარშან ივნისში ქართველი ხალხი სხვანაირი იყო, პატივს არ სცემდა ევროკავშირი, თუ გეოპოლიტიკა იყო სხვანაირი, შავი ზღვა დაშრა და სახმელეთო საზღვარი გაგვიჩნდა ევროკავშირთან? არაფერი ამ მხრივ არ შეცვლილა. გეოპოლიტიკურად იმდენადვე მნიშვნელოვანი ვართ დღეს, როგორც ვიყავით შარშან, ივნისში. ქართველი ხალხი იმდენადვე იმსახურებს დღესაც, როგორც იმსახურებდა შარშან, ივნისში. ასე რომ, მოლოდინი გვაქვს, გადაწყვეტილება იქნება პოზიტიური“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიარ თავდება რუსეთის საუკუნოვანი პოლიტიკა…ჩვენი პასუხი არის ერთი – მშვიდობა ევროპაში – პრეზიდენტი
შემდეგი სტატიაუახლოეს მომავალში თბილისს კომპანია MAN-ის მიერ წარმოებული 18-მეტრიანი ავტობუსები ეყოლება