პაატა დავითაია: ტერაქტები შეიძლება მოხდეს საქართველოს ტერიტორიაზე

პრემიერის დღევანდელი განცხადება საზოგადოების დაპირისპირებისაკენ მოწოდებას გავდა

„საქართველოს ევროპელი დემოკრატების“ ლიდერის, პაატა დავითაის განცხადებით, საქართველოში ტერაქტების განხორციელების დიდი ალბათობა არსებობს.

როგორც დავითაიამ „პირველ პრესკლუბში“ აღნიშნა, ტერაქტების განხორციელების ალბათობა გაზრდილია იქიდან გამომდინარე, რომ ფაქტობრივად, საქართველოს საზღვრებთან, საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, ასევე საქართველოს მოქალაქეები სირიაში იბრძვიან და საქართველო იმ სიაშია, რომელზეც ტერორისტული ორგანიზაციები შურისძიებით იმუქრებიან.

„აქედან გამომდინარე არ შეიძლება უგულებელყოფა, რომ ტერაქტები შეიძლება მოხდეს საქართველოს ტერიტორიაზე, დიდი ალბათობა ტერაქტების არის, აქედან გამომდინარეც, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა თავი დავიცვათ. პირველ რიგში, ეს უნდა გააკეთოს უსაფრთხოების სამსახურმა და მათ პრევენციული ზომები უნდა ჩაატარონ. მთავარია, ჩვენს პარტნიორ შეერთებილ შტატებთან იყოს სრული კონტაქტი და ასევე ევროპულ ქვეყნებთან, რათა ეს ყველაფერი კონტროლირებადი გახდეს“, -განაცხადა დავითაიამ.

პოლიტიკოსის განმარტებით, ტერაქტების უკან შესაძლოა რუსეთიც იდგეს და კვალი ისე დამალოს, თითქოს ის ხალიფატმა განახორციელა.

„მეორე თემაა ვინ შეიძლება გამოიყენოს ეს და ვთქვათ, მერე დააბრალოს იგივე ხალიფატს. რა თქმა უნდა, ასეთი ქვეყანა რუსეთია, რომელსაც შეუძლია ტერაქტები თვითონ განახორციელოს და კვალი ისე დამალოს, თითქოს ის ხალიფატთან მიდის. ამიტომ, ალბათობა და ვარიაცია ყველაფრის არსებობს. დასკვნა აქედან ერთია: ტერაქტები მოსალოდნელია და ვინ განახორციელებს და ვინ, ვის ამოეფარება მეორე მხარეა“, – განაცხადა პაატა დავითაიამ.

მისი თქმით, 13 ნოემბერს საფრანგეთში განვითარებული მოვლენები და ტერაქტების საშიშროება, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ხელს ვერ შეუშლის.

„ვფიქრობ, რომ ტერორისტულმა აქტებმა შეიძლება იმ ქვეყბნების შეკავშირება გამოიწვიოს, ვინც ნატო-ს პარტნიორები არიან. ამის ალბათობა უფრო მეტია, ვიდრე მშვიდობიან პერიოდში“, – აღნიშნა „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერმა.

banner
წინა სტატიაშინოდარ ხადური: მჯერა, საფრანგეთი მტკიცედ გააგრძელებს ჩვენი საერთო მტრის -ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას
შემდეგი სტატია„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები საავადმყოფოში გადაიყვანეს