პაატა დავითაია სერგეი გავრილოვის ქვეყანაში შემოშვებას გმობს

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა, ეს არის ორგანიზაცია,რომელიც შეიქმნა რუსეთის ხელდასმით და ინიციატივით. მისი ხელმძღვანელი სერგეი გავრილოვი კი არის რუსეთიდან, ეს კი ცხადყოფს, თუ რა ძალის წარმომადგენელია რუსეთი – პარტია ,,ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ “თაიმერთან” საუბარში განაცხადა.

დავითაიას თქმით, ნებისმიერ საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში, რომლის წევრიც არის რუსეთი, ის ყოველთვის მმართველ პოზიციაზეა. ,, ყველაზე საინტერესოა, დააკვირდით, რომ ნებისმიერ საპარლამენტო ასამბლეაში, რომლის წევრიც არის რუსეთი, ყოველთვის მმართველი წარმომადგენელი არის ,,ედინაია რასია”. აქ კი ვხედავთ, რომ ასეთ ფორუმებზე, როგორიც არის მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა, წარმომადგენელი არის რუსეთის დუმის ე.წ ოპოზიციის, კომუნისტური პარტიის წევრი, რომლის მთავარი იდეოლოგია არის აგრესია. რუსეთის აგრესიის მთავარი იდეოლოგიაც არის ნებისმიერი ტერიტორიის მიერთება. არ უნდა გვიკვირდეს,რატომ არის ის მთავარი იდეოლოგი, იმიტომ რომ კომუნისტური პარტია საბჭოთაკავშირის აღდგენის მომხრეა და საბჭოთა კავშირის დაშლა ამ პარტიისთვის არის ტრაგედია” – ამბობს პაატა დავითაია.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ მსგავსი ფორუმების მეშვეობით, სწორედ აგრესიული პოლიტიკის მატარებელი ადამიანების შემოსვლა ხდება ქვეყნის ტერიტორიაზე. პოლიტიკოსი, იხსენებს, რომ ადრე რამდენიმე ევროპის საპარლამენტო ასამბლეის წევრი დეპუტატი, რომელმაც ხმა საქართველოს წინააღმდეგ მისცა, არ შემოუშვეს საქართველოში: ,,რამდენიმე დეპუტატი იყო შემოსული, რომელიც საერთაშორისო საპარლამენტო და ევროპის საპარლამენტო ასამბლეის წევრები არიან. გავიხსენებ, მაგალითად მარკოვი, რომელმაც მაშინ ხმა მისცა საქართველოს წინააღმდეგ აფხაზეთის და ცხინვალის აღიარებას, ჩვენ არ შემოვუშვით საქართველოში და ამაზე იყო სერიოზული საუბარი და სერიოზული განხილვა. სხვადასხვა დროს იყო შემთხვევები, როცა რუსი დეპუტატები შემოვიდნენ და მარკოვი ვერ შემოვიდა, კიდევ ერთხელ დეპუტატები შემოუშვეს, მაგრამ ერთი გააბრუნეს საზღვრიდან, რომელიც ნამყოფი იყო ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მაგრამ ეს არ იყო საერთაშორისო ინფორმაციის ჭრილში გაკეთებული”.

დავითაიას თქმით, დეპუტატები, რომლებსაც საქართველოს მიმართ ცალსახად მისი სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული პოზიცია გააჩნიათ, არ უნდა შემოუშვას სახელმწიფომ საკუთარ ტერიტორიაზე, მიუხედავად მისი ვიზიტის მისიისა. ” მაშინ, როცა მე ვიყავი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი, გამოსვლა მომიწია ამ საკითხთან დაკავშირებით ევროპის საბჭოში, სადაც საქართველოს პოზიციის დაცვა მომიხდა იმის გამო, რომ მარკოვი საქართველოში ვერ შემოვიდა. უნდა აღვნიშნო,რომ სრული მხარდაჭერა მიიღეთ მაშინ ევროპის სტრუქტურებიდან. ქვეყნის იმიჯზე უნდა ვიზრუნოთ და არ შემოუშვათ ასეთი დეპუტატები, რომლებიც მოდიან რაღაც საერთაშორისო ეგიდით. ეს არის აბსოლუტური ბლეფი” – აცხადებს პაატა დავითაია.

პოლიტიკოსი საქართველოს ხელისუფლების პოზიციას აფასებს და ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ პუტინის თანამოაზრე რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის შემოშვება საქართველოს ტერიტორიაზე, მისთვის აბსოლუტურად მიუღებელია: ,,რა თქმა უნდა, ხელისუფლების კეთილი ნება იყო ამ ადამიანის შემოყვანა და გასაგებია ყველაფერი, რაც ხდება, ე.წ რბილი პოლიტიკა ოკუპანტთან, რომელიც არაფრის მომტანი არ არის. ხელისუფლებას მინდა შევახსენო, რომ იგივე კარასინმაც კი დაუქნია ხელისუფლებას თითი ბოლო შეხვედრაზე და ფაქტობრივად, იმ ქმედებებთან დაკავშირებით, რომელსაც დგამს ხელისუფლება და მმართველი პარტია, მუქარის გზავნილი გააკეთა. მე მომწონს მმართველი პარტია თუ არ მომწონს, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, სწორ ქმედებებში, რომლებსაც ისინი ახორციელებენ, ყოველთვის დავუჭერ მხარს, რადგან თქვენ იცით რას მოყვა კარასინის განცხადებები. ამ სიტუაციაში თავიდან ბოლომდე ვიზიარებ ქართული სახელმწიფოს პოზიციას, მაგრამ ვერ ვგებულობ მმართველი პარტიის პოლიტიკას, რომელიც ერთი ხელით მკვეთრად აფიქსირებს პოზიციას და მოქმედებს, ვთქვათ თვით კარასინის განცხადებების წინააღმდეგ და მეორე ხელით, ასეთი კომუნისტური იდეოლოგიის მატარებელ ადამიანს, პროპუტინისტ დეპუტატს უშვებს თბილისში, რომელიც აფხაზეთის საბრძოლო მოქმედებებში სეპარატისტებს ფინანსურად და იდეოლოგურად ეხმარებოდა, მონაწილეობდა დანაშაულებრივი გზით აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქალაქეობის გაცემის პროცედურების ჩამოყალიბებაში. პაატა დავითაია აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ბატონ ჯემალ გამახარიას პოზიციაც აღნიშნა, რომელსაც პროტესტი არ გამოუთქვამს: ” მე (გამახარიას) პირადად ძალიან დიდ პატივს ვცემ. ეს ის ადამიანია, რომელსაც ნანახი აქვს ყველაფერი და იცის რაც მოხდა აფხაზეთში. მაგრამ მას არანაირი პროტესტი არ გამოუხატავს, როდესაც მის ტრიბუნაზე, მის წინ იდგა ადამიანი, რომელზეც უკვე ზევით ვისაუბრე”. “ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ როგორი დეგრადირებულია აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება, რომელსაც პოზიციის გამოხატვის ეშინია იმის გამო, რომ ხელფასები აიღონ! მარაზმამდე მივიდნენ უკვე! სამწუხაროა, ჩემთვის, აგრეთვე, ის რომ საქართველოს პარლამენტის შენობაში, იმ შენობაში, სადაც რუსეთის ოკუპაციაზე ღიად არის საუბარი, იმ შენობაშ სადაც დროებითმა საპარლამენტო კომისიამ დაადგინა რუსეთის ოკუპაციის დანაშაულებრივი ქმედებები, იმ შენობაში სადაც არაერთი პრეზიდენტი გამოსულა , ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი გამოსულა და დაუგმია ოკუპაცია ღიად, იმ შენობაში სადაც კენჭი ეყარა დსთ-დან გასვლას, დღეს რუსი კომუნისტური პარტიის წარმომადგენელი სერგეი გავრილოვი გამოვა სიტყვით. 2008 წლის შემდეგ ესეთი რამე არ მომხდარა” – ამბობს “თაიმერთან” პაატა დავითაია და ხელისუფლებას მოუწოდებს დაფიქრდნენ იმაზე თუ რას ჩადიან და როგორ აზიანებს ეს ქმედებები ქვეყნის ინტერესებს.

banner
წინა სტატიაშირატომ გაუშვეს სინამდვილეში სერგეენკო
შემდეგი სტატიასაქართველოს პარლამენტში სხდომას სერგეი გავრილოვი წაიყვანს