რატომ გაუშვეს სინამდვილეში სერგეენკო

ახლო მომავალში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, შესაძლოა, საჩხერის საავადმყოფოში განთავსდეს. სხვა თუ არაფერი, ეს საავადმყოფო ბანკ “ქართუსთან” ერთად კადრების ნამდვილ სამჭედლოდ იქცა.
ჯანდაცვის ახალ მინისტრად გუშინ, 18 ივნისს, საჩხერის საავადმყოფოს კიდევ ერთი ექიმი ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა. მის წინამორბედი დავით სერგეენკოც საჩხერის საავადმყოფოს ექიმი იყო.
ოპოზიციის მტკიცებით, ტიკარაძის გამინისტრებაში გადამწყვეტი როლი საჩხერის საავადმყოფოში გატარებულ წლებს არ შეუტანია. პარლამენტის წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ეკატერინე ტიკარაძე ბიძინა ივანიშვილის თანამეცხედრის პირადი სტომატოლოგია.
მინისტრობიდან წასული სერგეენკო აცხადებს, რომ ტიკარაძეს რეკომენდაცია მან გაუწია.
_ ჩვენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში გვქონდა ინტენსიური კონსულტაციები, წინასწარ მომზადებული რეფორმების ახალი ფაზა, როგორ იქნებოდა ოპტიმალური, რათა სწორად დაგეგმილიყო სწორად დანერგილიყო და განხორციელებულიყო. ჩვენ შევთანხმდით, რომ ასეთი ცვლილება იქნებოდა უფრო მეტი შედეგის მომტანი. არ დაგიმალავთ, რომ ეს ჩემი ინიციატივა იყო, მე ვთხოვე პრემიერს, განგვეხილა ასეთი ცვლილებები, რათა უკეთესი შედეგი მიგვეღო. მე გავუწიე რეკომენდაცია ქალბატონ ეკას, რადგან ჩვენ 10 წელზე მეტი თანამშრომლობის გამოცდილება გვაქვს სხვადასხვა სფეროში და ძირითადად ეს არის ჯანდაცვის მენეჯმენტი, _ განაცხადა დავით სერგეენკომ.
მისივე თქმით, სჯერა, რომ ჯანდაცვის სფეროში რეფორმები ასე უკეთესად განვითარდება.
_ ერთი მხრივ, მეც მეტი საშუალება მექნება, რომ სტრატეგიულ დაგეგმარებასა და განვითარებაზე ვიყო კონცენტრირებული, რომ მხარში ამოვუდგე პრემიერ-მინისტრსა და ახალ ჯანდაცვის მინისტრს, მეორე მხრივ, ქალბატონ ეკას ექნება საშუალება, თავისი ცოდნა და გამოცდილება მოახმაროს ამ ძალიან რთული სისტემის მართვას. მინდა, ხაზი გავუსვა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას და უღრმესი მადლობა მათ. 2012 წელს, როგორც კი საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ ჯანდაცვა არის პრიორიტეტი, ეს თემა მოექცა საერთაშორისო საზოგადოების დიდი მხარდაჭერის ქვეშ. მინდა ხაზგასმულად მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროს შესანიშნავ გუნდს. მათ უზარმაზარი სამუშაო გააკეთეს წლების განმავლობაში და მადლობა. მინდა, წარმატებები ვუსურვო ქალბატონ ეკას, ეს არ არის უბრალოდ პროტოკოლური სურვილი, ეს არის ნამდვილად გულწრფელი. თქვენს წარმატებაზე დამოკიდებული იქნება ბევრი ადამიანის კეთილდღეობა და მე მჯერა, რომ ეს ცვლილებები იქნება უკეთესი შედეგების მომტანი, – აღნიშნა ყოფილმა მინისტრმა.
დავით სერგეენკო ამიერიდან პრემიერ მამუკა ბახტაძის მრჩევლად იმუშავებს. 2020 წლისთვის კი `ოცნება~ მას საპარლამენტო სიაში ჩაწერს, თუ მანამდე მისი დაკავება არ მოხდა.
“ახალი თაობა” უკვე წერდა იმის შესახებ რომ ცე ჰეპატიტის წამლებთან დაკავშირებით ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი სკანდალში გაეხვია. ძვირადღირებული წამლები რუსეთში შავ ბაზარზე იქნა აღმოჩენილი.
ამერიკელმა სამართალდამცავებმაც რუსეთში ნახეს ეს წამალი, რომელიც გაყიდვაში არ უნდა ყოფილიყო. დაიწყო გამოძიება და კვალმა ისინი თბილისში ჩამოიყვანა. გამოძიებით გაირკვა, რომ ამ საქმეში ჯანდაცვისა და შერიგების სამინისტროს მაღალჩინოსნები იყვნენ ჩართული. მათ აფხაზებისა და ოსების დახმარებით გაიტანეს ეს წამალი რუსეთში.
“ოცნებასთან” დაახლოებული წყარო “ახალ თაობასთან” ამ საქმის ახალ დეტალებზეც საუბრობს. მისი თქმით, ამერიკელებმა ცე ჰეპატიტის წამლები, რომლის ერთი კურსის ღირებულება ათეულობით ათასი დოლარია, ევროპაშიც აღმოაჩინეს. საუბარია იტალიასა და საბერძნეთზე. იქ საქართველოდან წამლები ქართველ კანონიერ ქურდებს გაუგზავნეს. ამ საქმეშიც მაღალჩინოსნები არიან გარეული.
ჩვენი წყაროს ინფორმაციითვე, ამის შესახებ პრეტენზიები ამერიკაში საიდუმლო ვიზიტით მყოფ გიორგი გახარიას წაუყენეს. შს მინისტრი აშშ-ს მაისში სტუმრობდა.
სერგეენკო, სავარაუდოდ, მხოლოდ ამ სკანდალს არ შეეწირა. მას თავადაც სურდა წასვლა და ახლა საამისოდ კარგი დრო გამონახა.
წლების განმავლობაში ის ყველაზე რეიტინგულ მინისტრად ითვლებოდა, რაც მთავრობაში ვიღაცებს ძალიან არ აწყობდათ. ბოლო პერიოდში ვიღაცების მიერ ის აშკარა ჩაგვრას განიცდიდა. როგორც “ოცნებასთან” დაახლოებული წყარო გვიყვება, სერგეენკოს ისე უნიშნავდნენ და უხსნიდნენ მოადგილეებს, მის აზრს არც კითხულობდნენ. ამის გარდა, ტენდერებშიც ის ფირმები იმარჯვებდნენ, რომლებსაც ივანიშვილის გარემოცვა აკონტროლებდა.
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრიც ივანიშვილის გარემოცვის წევრად ითვლებოდა, მაგრამ ბოლოს მათ შორის სიტუაცია ოდნავ დაიძაბა.
იყო დრო, როცა ის პრემიერის პოსტზეც კი მოიაზრებოდა. ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დააანონსა, რომ 2013 წლის ბოლოსთვის დატოვებდა პრემიერის პოსტს. პირველად მაშინ ითქვა, რომ მას სერგეენკო ჩაანაცვლებდა. მეორედ მის გაპრემიერებაზე ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ ალაპარაკდნენ. როგორც ამბობენ, მაშინ აწ უკვე ყოფილმა მინისტრმა ყველაფერი გააკეთა, რათა მთავრობის მეთაური არ გამხდარიყო.
“ოცნებაში” ამბობენ, რომ ის მომავალ პარლამენტში დეპუტატად მოგვევლინება, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ივანიშვილს სიბრაზე გადაუვლის. “ოცნებასთან” დაახლოებული წყარო “ახალ თაობასთან” იმ მიზეზებზე საუბრობს, რატომაც დაეძაბა ყოფილ მინისტრს მთავარ მეოცნებესთან ურთიერთობა.
_ დავით სერგეენკოს უყურადღებობა რომ არ გამოეჩინა და თავისი უფროსის თხოვნა არ დაეკიდებინა, ის კვლავ თანამდებობაზე იქნებოდა. ივანიშვილმა მის მოხსნაზე მაშინაც კი თქვა უარი, როცა ცე ჰეპატიტის სკანდალის შესახებ აცნობეს, მაგრამ დაკიდება არ აპატია.
ივანიშვილის ბავშვების ძიძის ძმა ცოტა ხნის წინ ძალიან ცუდად გახდა. ივანიშვილმა პირადად დაურეკა სერგეენკოს და სთხოვა, რომ მისთვის მიეხედა და სამკურნალოდ საზღვარგარეთ წაეყვანა.
ყოფილმა მინისტრმა ივანიშვილს თხოვნა არ შეუსრულა და მისი შვილების ძიძის ძმა სამკურნალოდ თბილისში დააწვინა. აქ ავადმყოფის მდგომარეობა გაუარესდა. ეს ამბავი ლიდერის ყურამდეც მივიდა და ის ძალიან გაბრაზდა.
მან სერგეენკო დაიბარა და ეჩხუბა, უთხრა, კაცად გაქციე, ამდენი რამე გაპატიე და ეს ერთი თხოვნა როგორ არ შემისრულეო. ამის შემდეგ სერგეენკოს მთავრობაში აღარ დაედგომებოდა. მას გადადგომა ისედაც უნდოდა და წავიდა, _ ამბობს “ოცნებასთან” დაახლოებული წყარო.
მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე მთავარი მეოცნებე ყოფილ მინისტრზე ძალიან გაბრაზებულია. მოგვარდება თუ არა მათ შორის ურთიერთობა, ამას მომავალი გვაჩვენებს.

 

შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიმთავრობაში მორიგი ცვლილება იგეგმება
შემდეგი სტატიაპაატა დავითაია სერგეი გავრილოვის ქვეყანაში შემოშვებას გმობს