პაატა დავითაია „აფხაზები აუცილებლად დაიწყებენ რუსეთის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას“

21 დეკემბერს აფხაზეთში მოვლენები დრამატულად განვითარდა. ე.წ. პარლამენტის შენობასთან შეკრებილმა ოპოზიციამ მთავრობასთან მოლაპარაკებების გამართვა მოითხოვა. ოპოზიციის და ვეტერანების ნაწილი ხელისუფლებას კორუფციაში სდებს ბრალს. ასლან ბჟანიამ ოპოზიციის მოთხოვნაზე უარი განაცხადა. მან აქციის მონაწილეებს შეუთვალა, რომ რისი თქმაც სურდა სატელევიზო მიმართვისას თქვა.

ბჟანიას უარის შემდეგ მომიტინგეები მთავრობის სახლისკენ დაიძრნენ. სადაც მათ სამართალდამცავები დახვდნენ. აქციის მონაწილეები შეეცადნენ კორდონის გარღვევას. მათ დასაშლელად ძალოვანებს ძალის გამოყენება დასჭირდათ..

„ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია მიიჩნევს, რომ 21 დეკემბრის პროტესტი რეალურად რუსეთის წინააღმდეგ იყო მიმართული. ექნება თუ არა ამ პროტესტს გაგრძელება, ამაზე დავითაია „თაიმერთან“ ინტერვიუში საუბრობს.

პაატა დავითაია:

– აფხაზეთში სერიოზულად დაიძაბა სიტუაცია. სერიოზული ფონია შექმნილი არეულობის მოსაწყობად. აფხაზური საზოგადოება ვერ ეგუება რუსეთთან კანონების სინქრონიზაციას. ეს იმას ნიშნავს, რომ აფხაზებმა იმ კანონებით უნდა იცხოვრონ, რაც რუსეთში მოქმედებს. ესენი ცოტა სხვა ცხოვრებას არიან მიჩვეული. აფხაზებს აქამდე საქართველო აწვდიდა დენს და ეს დენი უფასო იყო. ახლა მათ დენს რუსეთი მიაწვდის და დენში ფული უნდა გადაიხადონ. ომის ვეტერანები თავს გმირებად თვლიდნენ და მათთვის კანონები არ არსებობდა. ახლა კანონის ჩარჩოებში მოუწევთ ჩაჯდომა და ეს არ მოსწონთ.

აფხაზები დასანახად ვერ იტანენ ინალ არძინბას, რომელიც ცოტა ხნის წინ დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრად. აფხაზებმა იციან, რომ არძინბა აპირებს აფხაზეთი რუსეთს მიუერთოს.

დიდი ამბებია აფხაზეთში. მე იმაზე მწყდება გული. რომ ჩვენ ამ პროცესების მიღმა ვრჩებით, ერთმანეთის ჭამით ვართ დაკავებული.

– როგორ დასრულდება ეს გამოსვლები? ჩამოაგდებენ ბჟანიას?

-არ ჩამოაგდებენ. დაიწყება მოლაპარაკებები. მე გული იმაზე მწყდება, რომ ეს ყველაფერი ჩვენს მიღმა ხდება. არადა ძალიან მნიშვნელოვანია. რუსების წინააღმდეგ გამოვიდნენ აფხაზები.

-ეს აქცია რუსეთის წინააღმდეგ იყო მიმართული?

– აფხაზები ამას ღიად არ ამბობენ, მაგრამ ასე გამოდის. აფხაზეთში რუსეთის რეჟიმის წინააღმდეგ დაიწყება გამოსვლები. აფხაზები რუსეთის რეჟიმის წინააღმდეგ დაიწყებენ ბრძოლას. ამ დროს ჩვენ რას ვაკეთებთ? ერთმანეთს ვჭამთ..

თაიმერი

banner
წინა სტატიაშიინგირის რწმუნებული კონტრაბანდული ტვირთით დააკავეს
შემდეგი სტატიანიკა მელია: 300-ზე მეტი ადამიანი იწყებს შიმშილობას