ოთარ კახიძე – „ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქციაში ჩვენ არ ვმონაწილეობთ

„ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქციაში ჩვენ არ ვმონაწილეობთ, ჩვენი აზრით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციის საპროტესტო ელექტორატის მთავარი კონცენტრაცია მოხდეს მთაწმინდაზე, რომ დავამარცხოთ სახელისუფლებო კანდიდატი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ ჟურნალისტებს “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების მიხეილ სააკაშვილისა და სანდრა რულოვსის მიერ საპროტესტო აქციების დაანონსებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ამასთან, კახიძის თქმით, კონსტიტუცია ყველა ადამიანისა და პოლიტიკური გაერთიანების უფლებას იცავს – მშვიდობიანი ფორმით გამოხატოს პროტესტი და ეს არის აბსოლუტურად ლეგიტიმური უფლება. ოთარ კახიძე ამბობს, რომ “ევროპული საქართველო” აქციებს და მიტინგებს განიხილავს, როგორც ლეგიტიმურ საშუალებას ხელისუფლებასთან დაპირისპირებისთვის და ამ შემთხვევაშიც, პროტესტი არის სამართლიანი, რომელიც უკავშირდება არჩევნებზე და საარჩევნო პროცესში გამოვლენილ არაერთ დარღვევას, თუმცა, მისივე თქმით, ამ ეტაპზე “ევროპული საქართველოს” ხედვები სხვა მიმართულებით არის აქცენტირებული.

„ყველა მიტინგს და აქციას აქვს თავისი დრო. ჩვენთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული არის დედაქალაქის ცენტრში არჩევნების მეორე ტური. შალვა შავგულიძე, “ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების” ბლოკის კანდიდატი მეორე ტურშია სახელისუფლებო კანდიდატთან და ჩვენ უნდა ვკონცენტრირდეთ ამ ბრძოლაზე. ეს არის გარდამტეხი ეტაპი იმისთვის, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე დავამარცხოთ და გავისტუმროთ ივანიშვილი ხელისუფლებიდან, შედგეს ფართო პოლიტიკური კოალიცია “ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების” გარშემო და შავგულიძის გამარჯვება იყოს საეტაპო ამ დიდ ბრძოლაში. ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა, ჩვენი ბრძოლა, რომელიც ამ შემთხვევაში მთაწმინდაზე გადის მეორე ტურში” -აცხადებს ოთარ კახიძე.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი – გუშინ წარმოუდგენლად მაგარი ბრძოლა გავუმართეთ ივანიშვილს და ყოველი ასეთი ბრძოლის შემდეგ ეს ურჩხული სუსტდება