ოპოზიციამ ზელენსკის ხელისუფლების მიერ დაწერილი კანონის წინააღმდეგ მისცა ხმა, ფიქრობენ, რომ კანონი უნდა იყოს კონკრეტულ ადამიანზე, რომლისადმი რევანშის გრძნობა ამოძრავებთ – მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციამ წინააღმდეგ მისცა ხმა დეოლიგარქიზაციის შესახებ იმ კანონპროექტს, რომელიც უკრაინული მოდელის მსგავსია. მდინარაძის თქმით, ოპოზიცია ფიქრობს, რომ აღნიშნული კანონი კარგია უკრაინაში, თუმცა ოლიგარქის განმარტება საქართველოში სხვანაირი უნდა იყოს.

„რა კანონის შექმნაშიც მონაწილეობდა სააკაშვილი და რა კანონიც შექმნა უკრაინის დღევანდელმა ხელისუფლებამ, ოპოზიციის აზრით, ეს კარგია უკრაინაში და არ ვარგა საქართველოში. არა თუ მხარი არ დაუჭირეს, წინააღმდეგაც მისცეს ხმა იმ კანონპროექტს, რომელიც არის ძალიან კარგი უკრაინაში და თურმე საქართველოში არაფრად ვარგა. მათი აზრით, ოლიგარქის განმარტება უკრაინაში უნდა იყოს სხვა და საქართველოში – სხვა. ალბათ ფიქრობენ, რომ კონკრეტული სახელი და გვარი თუ არ ჩაიწერება, მათ არანაირი კანონი არ მოეწონებათ.

ეს კანონპროექტი პრაქტიკულად პირდაპირი უკრაინული თარგმანია. იმიტომ არ შეგვიტანია არანაირი ცვლილება, რომ პატარა ცვლილებასაც კი სპეკულაციები არ მოჰყოლოდა. პირდაპირ თარგმანზე მისცეს წინააღმდეგ ხმა. ეს ნიშნავს, რომ მათ სამართალი და კანონი როგორც არ აინტერესებთ ახლა, არ აინტერესებდათ წარსულში და როგორც ჩანს, არც ერთ მათგანს არ დააინტერესებს მომავალშიც. მათ აინტერესებთ კონკრეტული მიზნები და აშინებთ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, ამ ადამიანის სახელისა და გვარის პირდაპირ ჩაწერა უნდათ. სხვანაირად, ისინი ყოველთვის დაიწუნებენ ნებისმიერ კანონს. თავიდან ვერც კი წარმოედგინათ, რომ ჩვენ სიტყვა სიტყვით გადმოვწერდით, ქართულად ვთარგმნიდით დეოლოგარქიზაციის შესახებ უკრაინულ კანონს და ამას მივიღებდით. როცა ეს გავაკეთეთ, სხვა გზა არ დარჩათ და წინააღმდეგ წავიდნენ, რადგან რეალურად, ობიექტური კრიტერიუმები, რაც უკრაინულ კანონშია მითითებული, სხვებს ერგება და არა ვთქვათ, კონკრეტულად ვიღაცაზეა მორგებული“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ სახელს და გვარს არასდროს არც ერთი კანონი არ უნდა მოერგოს.

„დემოკრატიის პრინციპია, რომ პრობლემის გადასაჭრელად და საკითხების მოსაგვარებლდ იქმნება ნებისმიერი კანონი, მაგრამ როდესაც ისინი ფიქრობენ, რომ უნდა შექმნან კანონი კონკრეტული ადამიანის მიმართ, რომლისადმი რევანშის გრძნობა ამოძრავებთ და ობიექტური კრიტერიუმებიდან გამომდინარე, არ მოერგება, არანაირი არგუმენტი მათთან არ გაჭრის. ასე მოხდა დღესაც, მათ ზელენსკის ხელისუფლების მიერ დაწერილი კანონის წინააღმდეგ მისცეს ხმა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიგახსოვდეთ, რომ ეს მოსამართლეები გაგასამართლებენ თქვენ და ციხეში გიკრავენ თავს – ფადი ასლის მიმართვა ივანიშვილს
შემდეგი სტატია“დადასტურდა, რომ საქართველოს მართავს, მავნებელი საერო და საეკლესიო ხელისუფლება” – მეუფე პეტრე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე