“ომეგას” სახელმწიფო აქციზურ მარკებს არ აძლევს – საწარმო გაჩერებულია

“ომეგა ჯგუფის” მიერ მიმდინარე გადასახადის გადახდის მიუხედავად, სახელმწიფო გაურკვეველი მიზეზებიდან გამომდინარე საწარმოსთვის აქციზური მარკების მიცემას აფერხებს, რის გამოც კომპანია დღემდე გაჩერებულია- განცხადება ამის შესახებ ზაზა ოქუაშვილის კუთვნილი “ომეგა ჯგუფის” გენერალურმა დირექტორმა ლევან აღდგომელაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

” ამ დროისთვის საწარმო გაჩერებულია, რისი მიზეზიც არის ის, რომ სახელმწიფო კომპანიას აქციზურ მარკებს არ აძლევს. სამთვიანი იძულებითი გაჩერების შემდეგ, კომპანია “ოჯთ”-იმ დეკლარირებული გადასახადების დაფარვის მიზნით გადაიხადა 1 მილიონი ლარი, კომპანიამ იმავე დღეს გადაიხადა აქციზური მარკების ღირებულება და მიიღო შესაბამისი რაოდენობის აქციზური მარკებიც. 2018 წლის 8 ნოემბერს, კომპანიამ სრულად დაფარა ოქტომბრის თვისთვის მიმდინარე საანგარიშო გადასახადი 550 ათასი ლარის ოდენობით, 12 ნოემბერს ‘ოჯთ-იმ” მოითხოვა უფილტრო სიგარეტების აქციზური მარკები, რა მოთხოვნაც შემოსავლების სამსახურმა დაადასტურა. მომდევნო დღეების განმავლობაში ინტენსიურად ვუკავშირდებოდით როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუას, ასევე “სიქპა სექიურითი სოლუშენს”, რომელიც აქციზური მარკების ლიცენზიანტის გამცემია. ეს არის კომპანია, რომელიც არის შემოსავლების სამსახურის კონტრაქტორი. ვითხოვდით დროულად მოეცათ ინვოისი, რათა მოგვცემოდა საშუალება შეკვეთილი მარკების ღირებულება დაგვეფარა, თუმცა ისინი გვპასუხობდნენ, რომ ეს საკითხი მათ მიერ დამატებით შემოწმებას საჭიროებდა. შეგახსენებთ, რომ ეს მოთხოვნა შემოსავლების სამსახურს უკვე დადასტურებული ჰქონდა ანუ 12 ნოემბერს; ამგვარად გაუგებარია, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე იყო საჭირო მისი გადამოწმება. 2018 წლის 27 ნოემბერს შემოსავლების სამსახურს მივმართეთ წერილობით. ვითხოვდით განმარტებას, რატომ არ გვეძლეოდა ინვოისი. მომდევნო დღეს, მივიღეთ შეტყობინება, რომ ჩვენი შეკვეთა, რომელიც იყო დადასტურებული, გახდა გაუქმებული. კომპანიამ არ მიიღო აქციზური მარკები იმის გამო, რომ კომპანიას განზრახ არ მიაწოდეს ინვოისი.
იმისათვის რომ არ არსებობდეს ეჭვები, რომ მივიღოთ მყარი საფუძველი, ველოდებით რა პასუხსს გაგვცემს ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური, ასევე სიქპა სოლუშენი, “- განაცხადა ლევან აღდგომელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგორში, მოზარდის ცხედრის სამძებრო სამუშაოები განახლდა
შემდეგი სტატიასპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს