“ოცნების” ფოთის მერობის კანდიდატმა 2012 წელს თანხა ნაციონალებს, 2016-ში კი ოცნებას შესწირა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ზუგდიდის ოფისმა ზუგდიდისა და სამეგრელო ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობის არჩევნებისთვის წარდგენილ კანდიდატთა კვალიფიკაცია, მათი ქონებრივი მდგომარეობა და ბიზნესინტერესების შესახებ კვლევა წარმოადგინა.

კვლევის მიხედვით, ზუგდიდის მერობის კანდიდატად 6 პირია რეგისტრირებული, ამათგან 5 სხვადასხვა პარტიის მიერ წარდგენილი, ერთი კი დამოუკიდებელი კანდიდატია, ზუგდიდის მერობის ექვს კანდიდატს შორის მხოლოდ ერთი ქალია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩევნებისათვის წარდგენილი პარტიულ სიების პირველ ნომრებს შორისაც ქალი კანდიდატი მხოლოდ ერთია.

კვლევის მიხედვით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტში “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილი მერობის 9 კანდიდატიდან, 6 კანდიდატი შესაბიმისი მუნიციპალიტეტის მოქმედი გამგებელია (ზუგდიდი, ხობი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, მესტია, მარტვილი); ხოლო, ქართული ოცნებიდან წარდგენილი მერობის სამი კანდიდატი – ლაშა გოგია (ზუგდიდი), გოჩა ქაჯაია (ხობი) და გოჩა კურდღელია (ფოთი) წინა წლებში იყვნენ შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები ან/და საკრებულოს თანამდებობის პირები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”;

კვლევის თანახმად, ქართული ოცნების მიერ წარდგენილ კანდიდატებს შორის ლაშა გოგია (ზუგდიდი), გოჩა კურდღელია (ფოთი) და ლევან მაკალათია (აბაშა) არიან ბიზნესკომპანიების მეწილეები ან/და ხელმძღვანელები, წალენჯიხის მერობის კანდიდატი ბესიკ ფარცვანია კი ბიზნესწილებს წარსულში ფლობდა.

წილებს ცალკეულ კომპანიებში ასევე ფლობენ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ლევან კონჯარია და ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი დომენტი სიჭინავა.

“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ფოთში, გოჩა კურდღელია ერთადერთია, რომელსაც შემოწირულობები ორი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისთვის აქვს გაკეთებული – მან თანხა 2012 წელს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, 2016 წელს კი “ქართულ ოცნებას” შესწირა.

ზუგდიდის მერობის სამ კანდიდატს ლელა ქებურიას, ლევან კონჯარიასა და ლაშა გოგიას ქონებრივი მდგომარეობის შესახებ წარდგენილი ბოლო დეკლარაციები არასრულად აქვთ შევსებული.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშინადეჟდა ბაბკინა კიდევ ერთ “შავ სიაში” შეიყვანეს
შემდეგი სტატიასაკრებულოსთან დაკავებული კიდევ 11 პირი დარბაზიდან გათავისუფლდა