„ოცნების“ პოლიტიკური ტორტი-“სარკო”

13882493_1770069469944719_2705611802216778085_nზუგდიდელი „მეოცნებეების“ დიდი „ტორტაობა“ გამგეობაში   

ქართული პოლიტიკა „კრეატიულობას“ არასოდეს უჩიოდა, მაგრამ ის, რაც ბოლო დროს ხდება, „კრეატივიზმის“ მწვერვალია. ახლა, იკითხავთ, ასეთი რა მოხდაო? – რა მოხდა, ბატონებო და, მოგეხსენებათ, „ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანიდატად ზუგდიდის აწ უკვე ყოფილი გამგებელი ედიშერ თოლორაია წარადგინა. ამაში კრეატული  არაფერია. აი, „კრეატიული“ ის გახლავთ, რაც ამ წარდგენის შემდეგ მოხდა:

მადლიერმა აწ უკვე ექსთანამშრომლებმა, ანუ გამგეობის ხალხმა ედოს გამოსამშვიდობებელი „პიკნიკი“ მოუწყვეს და დიდი პოლიტიკისკენ მიმავალი გზა სულ ლურჯად დაულოცეს. არ დაიწყოთ, ეს „ლურჯად დალოცვა“ რას ნიშნავსო. თუ ფანტაზიას არ უჩივით, ყველაფერს მარტივად მიხვდებით, თუმცა მაინც, გეტყვით:

მოგეხსენებათ, ჩვენებური ოცნებები ლაჟვარდისფერი, ან ზღვისფერი კი არა, ლურჯია. თან ისეთი მუქი ლურჯი, დიდხანს რომ უყუროთ, შეიძლება, სიშავეშიც გადავიდეს, მაგრამ ყველა სიბნელეს თავისი ნათელი სდევს. ჰოდა, ამ მუქ ლურჯსაც, ვერ ვიტყვით, რომ შარავანდედივით, მაგრამ თეთრი ნათელი მაინც ადგას 41-ის სახით. ეს 41 რასაც ნიშნავს, კარგად იცით და ამის განმარტებით აღარ დავწვრილმანდებით.

რააც შეეხება, ზუგდიდელი „მეოცნებეების“ „კრეატივს“, როგორც აღვნიშნეთ, აწ უკვე მადლიერი თანამშრომლები ედოს, ანუ ედიშერ თოლორაიას „თვალცრემლიანები“ გამოემშვიდობნენ და დიდი პოლიტიკისკენ, ანუ პარლამენტისკენ მიმავალი გზა ტკბილად დაულოცეს – ტორტი მიართვეს, თან განა მარტო ტორტი?

„ტკბილი სუფრა“ ტროპიკული ხილითაც იყო მორთულ-მოკაზმული. გზის დალოცვა, აბა, რა დალოცვა იქნებოდა, ალკოჰოლური სასმელი რომ არ ყოფილიყო? ჰოდა, სუფრას ერთი ბოთლი „ბაგრატიონიც“ ამშვენებდა. სახელდახელო „ალაფურშეტს“ ჩიტის რძე არა, მაგრამ აი, „სოკი“, ანუ წვენიც არ აკლდა.

„ედიშერ, წინ, გამარჯვებისაკენ!“ – ასეთი წარწერა ჰქონდა ტორტს, რომელიც ალბათ, ოცნებასავით ტკბილი იყო.

ისე, „თაიმერი“ შეეცადა გაერკვია, ტორტი რომელიმე ადგილობრივმა კონდიტერმა გამოაცხო თუ „ზაკაზი“ თბილისში მისცეს, თუმცა ამ კუთხით ხელჩასაჭიდს ვერაფერს მიაგნო, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, საარჩევნოდ ქართველ კონდიტერებს სამუშაო მოემატებათ – წარმოიდგინეთ, ყველა რაიონში „ოცნების“ აქტივისტებმა მაჟორიტარობის კანდიდატებს გზა ასე ტკბლად რომ დაულოცონ, „მეტორტეებს“ საქმე არ გამოელევათ. მერე, ამ ტორტებს ადგილამდე მიტანაც ხომ უნდა, დაჭრაც, თეფშეფზე დალაგებაც და ამ ყველაფრისთვის ადამიანური რესურსია საჭირო, ანუ ხალხი დასაქმდება. ვიღაცები კი გაიძახიან, ხელისუფლება ხალხის დასაქმების მიზნით არაფერს აკეთებსო.

ედიშერ თოლორაია წარმატებას მიაღწევს თუ არა, ამას 8 ოქტომბერს გავიგებთ, მაგრამ შეიძლება, ისეც მოხდეს, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ, ტორტის გამოცხობა „ნაციონალებს“ მოუწიოთ – გავრცელებული ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორტარობის კანდიდატი შეიძლება, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი იყოს.

ტორტი და კაი ცხოვრება იქით იყოს და, ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ, ან სულაც, გვეშველება რამე?!

ავტორი: ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშისაოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს
შემდეგი სტატიადედოფლისწყაროში ნაციონალური მოძრაობის ოფისი დაარბიეს