„ოცნების“ პარტიას სურს, ტყუილში ამყოფოს საზოგადოება და არ დაეთანხმოს იმას, რასაც საერთაშორისო პარტნიორები ამბობენ – ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე „ფრიდომ ჰაუსის“ მიერ გუშინ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშს ეხმაურება, რომელიც 29 ქვეყანაში დემოკრატიის მდგომარეობას აფასებს.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციები იქნას გათვალისწინებული. მისივე თქმით, აუცილებელია, აიძულონ „ქართული ოცნება“, რეფორმების გზას დაადგეს.

„გუშინ კომიტეტის სხდომაზე მატყუარა „ოცნებების“ პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენელი ამტკიცებდა, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან მაგრად არის ყველაფერი. ეს არის სამწუხარო რეალობა. მატყუარა „ოცნებების“ პარტიას უნდა, ტყუილში ამყოფოს საზოგადოება. მოატყუოს, რომ მაგრად არის ადამიანის უფლებები და არ დაეთანხმოს, რაც არის საერთაშორისო პარტნიორების ნათქვამი. თუ ჩვენ არ ვითვალისწინებთ რეკომენდაციებს, რასაც ვიღებთ საერთაშორისო პარტნიორებისგან, ჩვენ ევროკავშირში დაჩქარებულად ვერ გავწევრიანდებით. ამიტომ, დროულად უნდა ვამხილოთ მატყუარა „ოცნების“ პარტია. არ არსებობს საერთაშორისო ინსტიტუცია, რომელიც არ ამბობს, რომ სასამართლოში არის კლანური მმართველობა, რომ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო არ არსებობს. ერთადერთი არის მატყუარა „ოცნების“ პარტია, რომელიც გვეუბნება, რომ სამართლიანობა საქართველოში ზეიმობს, გვაქვს სამართლიანი სასამართლო, სამართლიანი მართლმსაჯულება. ამიტომ ვამბობ, რომ მათ უნდა ვუწოდოთ მატყუარა „ოცნების“ პარტია.

19 აპრილის შეთანხმებაზე არა მარტო აქ არის საუბარი, არამედ ნატო-ს კომუნიკეში იყო მოხსენებული ეს დოკუმენტი, როგორც გზა ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციისკენ. ამ დოკუმენტის ანულირება მოახდინა „ქართულმა ოცნებამ“. შემდეგ პირობა დადო, რომ დოკუმენტში შინაარსში რაც არის, ყველა პირობას შეასრულებდა. ამასაც არ აკეთებს. ეს არის ყველაზე დიდი თავის ტკივილი, რაც ჩვენ გვაქვს „ქართული ოცნების“, უფრო სწორად, მატყუარა „ოცნების“ პარტიის 10-წლიანი მმართველობის შემდეგ. აუცილებელია, ვაიძულოთ ისინი, რეფორმების გზას დაადგნენ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

წინა სტატიაშიდონეცკის ოლქში მარიუპოლის სიახლოვეს მასიური საფლავები აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიატვერში თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუტში ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლატვერში თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუტში ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლა – რუსული მედია