„ოცნება” და „ნაცმოძრაობა” ერთმანეთზე რასაც ამბობენ, მეტწილად მართალია – აქედან გამოდის ძირითადი სიმართლე – ერთი წასასვლელია, მეორე ხელისუფლებაში მოსაშვები არ არის

ბოლო დღეებში მოსმენილი კრიმინალური ქრონიკით, გადაუხდელი გადასახადებით და „ნაციონალური მოძრაობის“ ძველი ძალადობებით, უფსკრულისკენ ნაბიჯები იდგმება, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის” ლიდერმა, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, რასაც “ოცნება” და “ნაცმოძრაობა” ერთმანეთზე ამბობენ, მეტწილად მართალია; ამ ორი სიმართლიდან კი გამოდის ძირითადი სიმართლე – ერთი წასასვლელია, მეორე არ არის ხელისუფლებაში მოსაშვები.

“დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ “ოცნება” დღესაც იმას გვიხსნის, თუ რატომ იყო შესაცვლელი 2012 წელს, 6 წლის წინ “ნაცმოძრაობა” … ეს გავიგეთ, ბატონო, თქვენზე ადრე გავიგეთ.

მაშინ გავიგეთ, როდესაც სალომეც, კახაც, ბიძინაც, მამუკაც ან სააკაშვილის მთავრობის წევრები, დამფინანსებლები და გულმხურვალე მხარდამჭერები იყვნენ.

ისიც “ოცნებაზე” უკეთ გავიგეთ, რომ “ნაცმოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნება დაუშვებელია. მაგრამ, იმასაც ვხედავთ, რომ “ოცნების” არაადეკვატური პოლიტიკის გამო სწორედ აქეთ მიაქანებენ ქვეყანას. გვეუბნებიან იმას, რომ „ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს დასაშავებელი“, სანამ “ნაცებს” შეგვადარებთო. განსხვავება ნამდვილად დიდია, მაშინ მოქმედი გენპროკურორი ადეიშვილი ალაგებდა ბიზნესს, ახლა ყოფილი გენპროკურორი ფარცხალაძე ალაგებს ბიზნესს. რა თქმა უნდა, განსხვავება დიდია. მაგრამ ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ “ოცნება” შესაცვლელია, მაგრამ არა “ნაციონალური მოძრაობით”. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ “ოცნების” ხელისუფლება რაც შეიძლება სწრაფად უნდა შევცვალოთ, სანამ მათ საკუთარი თავი “ნაცმოძრაობას” შეაცვლევინეს.

ბოლო დღეებში მოსმენილი კრიმინალური ქრონიკის გადაუხდელი გადასახადებით და „ნაცების“ ძველი ძალადობებით გადაგორების მცდელობა სწორედ ამ უფსკრულისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია. „ოცნება” და „ნაცმოძრაობა” ერთმანეთზე რასაც ამბობენ, მეტწილად მართალია. ამ ორი სიმართლიდან გამოდის ძირითადი სიმართლე – ერთი წასასვლელია, მეორე არ არის ხელისუფლებაში მოსაშვები. ჩვენ გვაქვს შანსი. წინ არჩევნებია, წინ ქვეყნის სწორ გზაზე დაყენების შესაძლებლობაა. ამიტომ, ყველა თავისუფალი ნების და მოქალაქეობრივი ღირსების ადამიანს მოვუწოდებთ, ნუ ჩამოუშვებთ ხელებს, ნუ დავიჯერებთ, რომ პოლიტიკა ის არის, რასაც დღეს ვხედავთ საქართველოში, ნუ დავიჯერებთ იმას, რომ ქართველებს საკუთარი სახელმწიფოს გაძღოლა არ შეგვიძლია.

ნუ დავიჯერებთ, რომ არჩევანი ცუდსა და უარესს შორის გვაქვს! ნუ გავხდებით პროპაგანდისტული მანქანის მსხვერპლი და არ გავხადოთ ქვეყანა მიშა-ბიძინას წესების გარეშე ბრძოლის ასპარეზად!

„ქოც-ნაცური“ მოჯადოებული წრის გარღვევის მსურველები გაცილებით მეტი ვართ, ვიდრე თავად „ნაცები“ და „ქოცები“, რომლებსაც არაფრის გაგონება აღარ უნდათ. მეტნი ვართ, მეტი შეგვიძლია! ჩვენ უნდა ვუპატრონოთ ამ ქვეყანას და სწორედ ამ არჩევნებში ეს საკითხიც ირკვევა. ჩვენი ძალა, ჩვენი რაოდენობა, ჩვენი შესაძლებლობა სწორედ ამ არჩევნებზე უნდა დავამტკიცოთ. ის, რაც ახლა ხდება არ არის ცხოვრება, ეს არის ბრძოლა გადარჩენისათვის და ეს ბრძოლა ღრმავდება”,- განაცხადა უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი – ჩვენ ძალიან ღირსეული კანდიდატი გვყავს – ჩემთვის სალომე ზურაბიშვილი უახლესი ისტორიის სიმბოლოა
შემდეგი სტატიაგია ხუხაშვილი – ჩვენ შეიძლება ვერ დავიჯეროთ ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვერ დავიჯერებ ვიღაცების მხრიდან მისი სახელის გამოყენებით თაღლითობის მცდელობა არ ხდებოდეს