ნუ ღელავთ, 15 დეკემბერს დაიწყება ვალების განულების პროცესი და 600 ათასი მოქალაქე ახალ წელს შეხვდება ვალების გარეშე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მტკნარ სიცრუესა და აბსურდს უწოდებს „რუსთავი 2“-ში გასულ სიუჟეტს, რომელიც მისი ოჯახის მიერ ვალების დაფარვის საკითხს შეეხებოდა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ამის მიუხედავად, ვალდებულია და აქვს სურვილი, ქართული საზოგადოებისთვის განმარტება გააკეთოს.

„ისევე როგორც, 10 ათასობით ქართულ ოჯახს, ჩემს ოჯახსაც ჰქონდა ვალი და ეს ვალი გასტუმრებულია, რაც „რუსთავი 2“-მა ვერ დამალა. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ სასამართლო დავაზე, ხელშეკრულებაში იყო სამართლებრივი ხარვეზი, რომელიც გასწორდა სასამართლოს მიერ, მოხდა ვალის გადახდა და ისტორია ამით დაიხურა. მაგრამ ამ სიუჟეტის დამკვეთებმა, მე ვიტყოდი, რომ თავის თავს გარკვეულწილად გადაასწრეს. პირველ სიუჟეტში, როდესაც საქმე იგივე სახლს ეხებოდა, წარმოდგენილი იყო, რომ სახლს, რომელიც ჩემს ოჯახს ეკუთვნის უკვე 15 წელია, თითქოს კავშირი აქვს ჩემს პოლიტიკურ თანამდებობაზე მოსვლასთან. მიწის ნაკვეთი, რომელიც თურმე ჩემი მეზობლის ყოფილა, თურმე ჩემს ოჯახს ეკუთვნის და მეორე სიუჟეტში ვიხილეთ ამის გაგრძელება. ამიტომ ვამბობ, რომ თავის თავს გაასწრეს. ანუ, ვალდებულების შესრულება იქნა წარმოჩენილი, როგორც კომპრომატი. მე ვახსენე დეზინფორმაცია და ფეიკნიუსები. მოდელირებულ რეალობაში ამ ფეიკნიუსების ავტორები ცდილობენ, რომ ეს მოდელირებული რეალობა იყოს მაქსიმალურად წარმოდგენილი საინფორმაციო სივრცეში. ჩვენ ვხედავთ ყველანაირი ფასეულობის აღრევას, მათ შორის იმას, რომ თურმე ვალდებულების შესრულება არის ცუდი ნაბიჯი და ვალდებულების არშესრულება, ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, შეიძლება, იყოს დადებითი. ბუნებრივია, ასეთ ლოგიკას ვერ გავიზიარებ და არ გავიზიარებ. ვფიქრობ, ჩვენი მოქალაქეები ამას აქტიურად ხედავენ. უფრო მეტიც, მინდა, გითხრათ ჩემი მოლოდინი 100 %-ით გამართლდა და ვარ ძალიან კმაყოფილი, ე. ი. კარგი ინტუიცია მაქვს“,- აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრი მსგავსი სიუჟეტის მომზადებას ჭარბვალიანობის გამომწვევ მიზეზებზე აქტიურ საუბრებს უკავშირებს.

„ბუნებრივია, მქონდა მოლოდინი, რომ ჩვენი ოპონენტები და ის ძალები, რომლებიც არ არიან დაინტერესებულნი და ეწინააღმდეგებიან სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრებას, შეეცდებოდნენ სისულელეების მოტანას. რაც უფრო ხშირად იტყვიან, რომ მე შეიძლება, ვიყიდო ისეთი ორსართულიანი მატარებელი, რომელიც გვირაბში ვერ გაეტევა, რაც უფრო ხშირად იტყვიან, რომ თურმე ჩემს ოჯახის მიერ 15 წლის წინ სახლის შეძენას კავშირი აქვს ჩემს პოლიტიკურ მოღვაწეობასთან ან მეზობლის მიწის ნაკვეთს მომაწერენ, რომ მე შეიძლება, ჩემს მშობლებს და ჩემ ოჯახის წევრებს ვუჩივლო, რომ ვალი არ გავისტუმრო, ეს იქნება მაჩვენებელი, რომ მე და ჩემი გუნდი ჩვენს დაპირებებს საზოგადოების წინაშე პირნათლად ვასრულებთ. ასე რომ, იმედია, მომავალშიც მოვისმენ მსგავს ფეიკნიუსებს, პირადად ჩემთან დაკავშირებით, რომელიც იქნება კიდევ ერთი მაჩვენებელი იმისა, რომ ჩვენ ვდგავართ სწორ გზაზე.

მინდა, მივმართო ჩვენს ოპონენტებსა და მსგავსი სიუჟეტის დამკვეთებს, რომ მოეშვით, ნუ ღელავთ. ეს არის შეუქცევადი პროცესი. 15 დეკემბერს დაიწყება ვალების განულების პროცესი და მიმდინარე წლის ბოლომდე თითქმის 600 ათასი ჩვენი მოქალაქე ახალ წელს შეხვდება ამ ვალების გარეშე,“- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებას რამდენიმე ფაქტორით ხსნის
შემდეგი სტატიამოკლული თაკო გამრეკელაშვილის დედა – სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ასეთ განაჩენს ველოდი