ნონა შონია: როგორ გვენანები მათე ბიჭო, ჯერ პატარა ხარ, მხოლოდ 18 წლისა…

გალის ლეგიტიმური მთავრობის რესურსცენტრის უფროსი ნონა შონია,30 დეკემბერს თბილისში თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი სუპერმარკეტის კონსულტანტს მათე ჯომიდავას და ოკუპირებულ გალის რაიონში ბოლო დროს გარდაცვლილ ახალგაზრდებს შემდეგი სიტყვებით ემშვიდობება.

„როგორ გვენანები მათე ბიჭო, ჯერ პატარა ხარ, მხოლოდ 18 წლისა… ყველას გვატკინე გული… სკოლა ეს ესაა დაამთავრე, ილიას უნივერსიტეტის სტუდენტიც გახდი…ერთ-ერთი მათგანი ხარ, ვისაც ცუდმა ძიებმა ენგურის გზა გადაგიკეტეს და ეროვნული გამოცდების ჩაბარების საშუალება არ მოგცეს… არ დაგცალდა სტუდენტური ბედნიერი დღეები… დღისით სწავლობდი, საღამოს მუშაობდი, რომ გალის ულამაზეს სოფელ საბერიოში მცხოვრები შენი მშობლებისთვის ხელი შეგეშველებინა და თავი გერჩინა…ასაკით პატარას, მორიდებულს, ზრდილობიანს, უწყინარს, დევივით ვაჟკაცს ოთხი თუ ხუთი კაცი დაგესხა თავს, ქვაფენილის ფილით დაგიზიანა თავი… ოცი დღე ებრძოდი სიკვდილს…როგორ ვანუგეშოთ შენი ოჯახი, შენი მშობლიური სოფელი, სკოლა, მეგობრები, კლასელები, მასწავლებლები…შენამდე შენი სკოლელი, მეთერტმეტეკლასელი დიმა მატკავა ემსხვერპლა ავტოავარიას, მერე ულამაზესი ნინო ქათალანძე – ჭუბურხინჯის N2 სკოლის კურსდამთავრებული და ზუგდიდის უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი; ვასიკო ეხვაია-ნაბაკევის სკოლის კურსდამთავრებული და თსუ-ს პირველკურსელი გადაფრინდა მეცხრე სართულიდან და შეუერთდა მარადისობას… სულ ახლახან დათო ქურსუა, ესეც შენსავით ულამაზესი და უწესიერესი ვაჟკაცი, ჭუბურხინჯის N1 სკოლის კურსდამთავრებული ემსხვერპლა ავარიას, სოხუმში, ავტოსამრეცხაოში დასაქმებული, საახალწლოდ შინისკენ, მშობლებთან შესახვედრად მოიჩქაროდა ბიჭი…დავაჟკაცება, დაქალება ვერ მოასწარით ბავშვებო… რომელ ერთზე ვიტიროთ…ნათელში განისვენოს თქვენმა სულმა, მათე…
მკვლელებაში მონაწილე ყველა პირი სათანადოდ უნდა დაისაჯოს!!!“,- წერს ნონა შონია.

სუპერმარკეტ „სპარის“ თანამშრომელი მათე ჯომიდავა, თავის არეში მიყენებული დაზიანებების შედეგად 21 იანვარს გარდაიცვალა.
ის გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრია.შემთხვევა თბილისში 30 დეკემბერს მოხდა, თავდამსხმელმა სუპერმარკეტის კონსულტანტს თავში ფილა ჩაარტყა, რის შემდეგაც დაზარალებული ის საავადმყოფოში მოათავსეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდამსხმელი დაკავებულია.

banner
წინა სტატიაშიშოთა დიღმელაშვილი – გრიგოლ ვაშაძე ის კაცია, რომელიც აქციების დროს სცენაზე კი არა, სცენის უკანაც არ შემოუშვა ჩვენმა დაცვამ
შემდეგი სტატიაარჩილ გამზარდია: ის სასულიერო პირი, რომელიც “სიონში” თენგიზ სიგუას პატივით დასვენებას დათანხმდა, მისივე თანამსგავსია