ნოდარ ჯავახიშვილი – ბიძინა ივანიშვილისადმი ნდობის ფაქტორი მეტია, ვიდრე ჩვენდამი

javaxishvili

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებში გაიმარჯვებს, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება გამარჯვება.

როგორც ჯავახიშვილმა ჟურნალისტებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ღია წერილზე კომენტირებისას განუცხადა, ბიძინა ივანიშვილი თავად იღებს პასუხისმგებლობას, რომ ამომრჩეველს შეხვდეს და ესაუბროს იმაზე, რასაც საწინააღმდეგო ფერებში ხატავს „ნაციონალური მოძრაობა“.
„გარწმუნებთ, რომ მისდამი ნდობის ფაქტორი მეტია, ვიდრე ჩვენდამი“, – განაცხადა ჯავახიშვილმა.

კითხვაზე, რა სტატუსით ჩაერთვება საარჩევნო პროცესში ექს-პრემიერი, ჯავახიშვილმა აღნიშნა, რომ როგორც საქართველოს მოქალაქე და საკუთარ ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი.

„რაში სჭირდება ბიძინა ივანიშვილს სტატუსი? – საქართველოს მოქალაქე თავის ქვეყანაზე შეყვარებული, რომელსაც უზარმაზარი ამაგი აქვს ზოგადად ქართული სახელმწიფოს, მისი ისტორიის თუ კულტურის ძეგლების აღდგენა-შენარჩუნების ნაწილში და ასევე იმაში, რომ დღეს ჩვენ ხელისუფლება გვქვია. გაიკითხეთ მოსახლეობაში, თუ ვინმე ეკითხება ბატონ ბიძინას, თქვენ რა თანამდებობა გაქვთო, თუ არ გაქვთ არ შეგხვდებითო, სტატუსი ძალიან ბევრ რიგ ადამიანს სჭირდება. დანარჩენ შემთხვევაში აქ პიროვნება მუშაობს და არა თანამდებობა“, – განაცხადა ჯავახიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის დაზვერვამ ყირიმში რუსი სამხედროების რაოდენობა დაასახელა
შემდეგი სტატიაანდრეი კისკა – საპარლამენტო არჩევნები მორიგი ტესტია, რომელშიც არ უნდა ჩაიჭრათ