ნინო ლომჯარია – მოქალაქეებს უფლება აქვთ, ნებისმიერ ადგილას, სადაც ტრანსპორტის მოძრაობა არ ფერხდება, გაშალონ კარავი და გამოხატონ მშვიდობიანი პროტესტი

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან აქციაზე სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აქციის მიმდინარეობას ადგილზე დააკვირდება.

მისი თქმით, სახელმწიფომ ნებისმიერ მოქალაქეს უნდა მისცეს საშუალება პროტესტი იმ ფორმით გამოხატოს, რა ფორმითაც საჭიროა.

„ჩვენ არაერთგზის გვაქვს დაფიქსირებული განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის გზით, ასევე სასამართლო მეგობრის მოსაზრების წარდგენით – ყველა ხერხი გამოვიყენეთ, რათა გვეთქვა, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ შეუზღუდავი უფლება, ნებისმიერ ადგილას, სადაც არ ეშლება ხელი ტრანსპორტის მოძრაობას და არ აფერხებს ხელოვნურად, შეუძლიათ გაშალონ კარავი და თავიანთი მშვიდობიანი პროტესტი გამოხატონ იმ ფორმით, რასაც ისინი მიიჩნევენ საჭიროდ.

შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა, რომ ამ ადამიანებს იქ, სადაც ვხედავთ, რომ კარვები არის განლაგებული, არ მისცეს პოლიციამ დადგას კარავი, ვფიქრობ, რომ ეს არის გამოხატვის თავისუფლების უკანონოდ შეზღუდვა, რაც ჩვენი კანონმდებლობით არის გათვალისწინებული“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე კარვის დადგმის მცდელობას პოლიციის თანამშრომლებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოყვა. აქციის ორგანიზატორები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან.

banner
წინა სტატიაში“ფიზიკურად გვიპირისპირდებოდა პოლიცია და არ გვაძლევდა კარვების გაშლის საშუალებას” – გიორგი მშვენიერაძე
შემდეგი სტატიარა საახალწლო ღონისძიებებზე ლაპარაკობენ, აქ გამწარებული ადამიანია ქუჩაში, რომელმაც სამართალი ვერ იპოვა