ნინო გვენეტაძეს თავისი ყოფილი თანაშემწე პასუხობს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილი თანაშემწე ნინო გვენეტაძეს პასუხობს. როგორც კახა წიქარიშვილის განცხადებაშია აღნიშნული, ის ადასტურებს იმას, რაც ისაუბრა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესახებ.

„მე ვისაუბრე ფაქტებზე და ვარაუდებზე: ფაქტები იყო ის, რომ ჩვენ ვაპირებდით კლანისგან სასამართლოს გათავისუფლებას და გადავდგით გარკვეული ნაბიჯებიც ამ მიმართულებით. ამის შემდეგ ჩვენი სტრატეგია გაიყო, მან კლანთან თანამშრომლობის გზა აირჩია და ამის გამო მე სასამართლოდან წამოვედი. ჩემი (და საზოგადოების დიდი ნაწილის) ვარაუდი იყო ის, რომ გვენეტაძე იმყოფებოდა კლანის ზეწოლის ქვეშ, ამ ზეწოლას ვერ გაუძლო და გადადგა დაკავებული თანამდებობიდან. თუ ის ამ ვარაუდს უარყოფს, ეს მისი უფლებაა. დანარჩენს საზოგადოება განსჯის“, – აღნიშნულია კახა წიქარიშვილის განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, თსუ-ს პრორექტორმა ნინო გევენეტაძემ 10 მაისს ჟურნალისტების კითხვაზე, იყო თუ არა მასზე ზეწოლა, როგორც წასვლასთან დაკავშირებით, ისე იმ რამდენიმე წლის განმავლობაში, ვიდრე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ მუშაობდა, უპასუხა:

“არავითარი ზეწოლა ჩემზე არ განხორციელებულა. მე მყარი საკონსტიტუციო ვადით ვიყავი გამწესებული უზენაეს სასამართლოში”,- აღნიშნა მან.

მისივე თქმით, გამჭვირვალე მართლმსაჯულების უზრუნველყოფისთვის, უზენაეს სასამრთლოში კონფლიქტური სიტუაციები ბევრჯერ იყო, თუმცა ეს ზეწოლა არ ყოფილა.

“მე მოვისმინე ჩემი ყოფილი თანაგუნდელის მოსაზრებები ზეწოლასთან დაკავშირებით. აზრთა სხვადასხვაობა ხშირად იწვევდა კონფლიქტურ სიტუაციებს და ჩემმა თანაგუნდელმა სწრაფად დატოვა ის პოზიცია და საქმიანობა, რომელსაც ერთად ვახორციელებდით და ამის შემდეგ სასამართლო ხელისუფლება, მართლმსაჯულების ეტაპები წარმოშობდა კონფლიქტებსაც, შეუთანხმებლობასაც, მაგრამ ეს პროცესი იყო სამუშაო, რომლის მთავარი მიზანი იყო დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების უზრუნველყოფა. ამდენად მას თავისი შეხედულება და ეთიკური სტანდარტი აქვს. რაც შეეხება ფსიქოლოგიურ ზეწოლას, მახსოვს ასეთი განცხადება რომ გავაკეთე, ეს იყო ერთ-ერთი ეტაპი, როდესაც გარკვეული რაოდენობა მოსამართლეების უვადოდ გამწესება ხდებოდა და ამ პროცესთან მიმართებით, ჩვენ გვქონდა ძალიან წინააღმდეგობრივი და დაძაბული პოზიცია”, – განაცხადა გვენეტაძემ.

banner
წინა სტატიაშიფშაველი-ლეჩურის დამაკავშირებელი გზის ნაწილი მდინარემ დაანგრია
შემდეგი სტატიაკვიპროსის აეროპორტში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს – დაკავებულები მძიმე პირობებში არიან