ნინო ბურჯანაძე: ამ მთავრობას სურს, მოიგოს არჩევნები, სადაც პრემიერმა არ იცის, რას აკეთებს თავდაცვის მინისტრი?

ხელისუფლება მოქმედებს უტვინოდ

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე თავდაცვის მინისტრის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს.

სახელმწიფო საერთოდ გვაქვს, თუ არ გვაქვს? ჩვენ მთავრობა გვყავს, თუ არ გვყავს? ამჯერად, თავს შევიკავებ ხიდაშელის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, სავალდებულო გაწვევასთან დაკავშირებით და ხაზი მინდა გავუსვა იმ უპრეცედენტო ვითარებას, რომელიც როგორც აღმოჩნდა, ქალბატონი ხიდაშელის გადაწყვეტილებით შეიქმნა. მე მინდა მოსახლეობას დავუსვა ასეთი შეკითხვა: როგორ ფიქრობთ, ჩვენ სახელმწიფო საერთოდ გვაქვს, თუ არ გვაქვს? ჩვენ მთავრობა გვყავს, თუ არ გვყავს? დღეს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე პასუხი საწუხაროდ არის ერთმნიშვნელოვნად ნეგატიური“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით ჩვენ არა გვაქვს სახელმწიფო, სამშობლო გვაქვს, თუმცა სახელმწიფო არ გვაქვს და არ გვყავს მთავრობა.

“როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ქვეყნისათვის სასიცოცხლო და პრინციპულ გადაწყვეტილებას თავდაცვის სფეროში, იგებს ტელეეთერიდან, როდესაც ქვეყნის თავდაცვის მინისტრი სამინისტროში მიღებულ გადაწყვეტილებას იღებს უშიშროების საბჭოზე განხილვის, პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის და მთავრობის სხდომაზე განხილვის გარეშე, ეს არის კატასტროფა ქვეყნისათვის.
იმ მთავრობას და ხელისუფლებას უნდა, რომ ეს არჩევნები მოიგოს და მოვიდეს ხელისუფლებაში, სადაც პრემიერ-მინისტრმა არ იცის, რას აკეთებს ქვეყნის თავდაცვის მინისტრი?” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

“დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის თქმით, ქვეყანაში ვითარება არის საგანგაშო და იმედი გამოთქვა, რომ მოსახლეობა ამას ნათლად გააცნობიერებს.

“აქამდე, თუ ჩვენს მოსახლეობას, მეტ-ნაკლები სტაბილურობის განცდა ჰქონდა, ახლა ნათლად გამოჩნდა, რომ ეს სიმშვიდეც, რომელიც ქვეყანაში არის და ეს სტაბილურობაც არის მოჩვენებითი. ხელისუფლებაში არავინ იცის, თუ რა გადაწყვეტილებას და როდის მიიღებს რომელიმე თავდაცვის მინისტრი იქნება ეს ხიდაშელი, ალასანია თუ ვინმე სხვა, თუ რა ბრძანებას მისცემს ის ჯარებს საბრძოლო ან რაიმე კონფლიქტური მოქმედების დაწყებაზე და პრემიერმა შეიძლება ეს ისევე გაიგოს ტელეეთერიდან, როგორც კორცხელის ინციდენტის შესახებ. ასე რომ, ქვეყანა რეალურად მართალაც უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება! ქვეყანა არ იმართება! რაც შეეხება იმას, რომ „რესპუბლიკური პარტიისათვის” უცხო არ არის ქვეყნის ინტერესების დაზიანება და ქვეყნის ინტერესების სანაცვლოდ საკუთარი პარტიის ინტერესების განხორციელება და პიარ-ქულების ჩაწერა, ეს ყველასათვის ცნობილია და ამ ეტაპზე ამაზე ხაზგასმას არ გავაკეთებ”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიდევნილ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს გადასაადგილებელი ეტლები გადაეცათ
შემდეგი სტატიაანა დოლიძე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი იქნება