ნიკოლოზ ვაშაკიძე: საქართველო მაქსიმალურად გვერდი უნდა დაუდგეს უკრაინას!

რუსეთ-უკრაინის საზღვარზე, კერძოდ კი დონბასის რეგიონში ვითარება სულ უფრო იძაბება.

საქართველოსა და უკრაინას საერთო მტერი და ინტერესები აქვთ, თუმცა ამ მოცემულობაში საქართველოს ხელისუფლება რუსეთ-უკრაინის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დუმს.

მეტიც, თითქმის ერთი წელია, რაც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოდან ელჩი გამოწვეული ჰყავს.

რაზე მიანიშნებს საქართველოს ხელისუფლების დუმილი, რა სავარაუდო სცენარით შეიძლება განვითარდეს დონბასის რეგიონში მოვლენები და უნდა ველოდოთ თუ არა ფართომასშტაბიან დაპირისპირებას – ამ თემებზე „თაიმერი“ „ევროპელი დემოკრატების“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძეს ესაუბრა:

ბატონო ნიკოლოზ, რამდენად სახიფათოა ის, რაც რუსეთ-უკრაინის საზღვრის დონბასის მონაკვეთზე ხდება?

ფაქტია, რომ სერიოზული სამხედრო ესკალაცია მიმდინარეობს. პრობლემაა ერთი მხრივ ის, რომ იქ მიყვანილი სამხედრო ძალების ზუსტი ციფრები ცნობილი არ არის. სხვადასხვა მხარე განსხვავებულ რიცხვს ასახელებს. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ რაოდენობა იმდენად დიდი არ არის, რომ რეალურად მსხვილმასშტაბიანი აგრესია განხორციელდეს. მეორე მხრივ, კი დღეს უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი აგრესია იმხელა სამხედრო პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ რისკებთან არის დაკავშირებული, რომელიც ძნელად პროგნოზირებადია. რა თქმა უნდა, 100 %-ით რთულია პროგნოზზე საუბარი, მაგრამ არ მგონია რუსეთმა გარისკოს მსxვილმასშტაბიანი აგრესია. ფაქტია, რომ მიდის ნერვების თამაში. ეს ესკალაცია ემთხვევა უკრაინაში „ნატოს“ ეგიდით დაგეგმილ წვრთნას და ბუნებრივია, რუსეთი ასეთნაირად რეაგირებს. გარკვეული შეტაკებები და პრობოკაციები გამორიცხული არ არის, მაგრამ ფართომასშტაბიანი ომი, ჩემი აზრით, ნაკლებად სავარაუდოა.

თქვენ აღნიშნეთ, რომ ფართომასშტაბიანი ომი ნაკლებად სავარაუდოა. რა შემთხვევაში შეიძლება გადაიზარდოს მიმდინარე ესკალაციები მსხვილმასშტაბიან დაპირისპირებაში?

ფაქტია, რომ ვლადიმერ პუტინი და მისი გარემოცვა, რუსეთში სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიმღები წრე, ბოლო პერიოდში ძალიან დავიწროვდა. როგორც წესი, ეს ის ხალხია, რომლებიც მაღალ თანამდებობაზე იმყოფებიან და დიდძალი ქონება გააჩნიათ უკვე რამდენიმე ათწლეულია. ისინი რეალობას არიან მოწყვეტილი. მათ გარკვეული ადეკვატურობის გრძნობა დაკარგული აქვთ, ამიტომ ბოლომდე ვერაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ეს იმდენად ავანტურისტული და მძიმე ნაბიჯია, რომ წესით, თავი უნდა შეიკავონ. მე მაინც ვფიქრობ, რომ ფართომასშტაბიანი ომი ნაკლებად სავარაუდოა.

ამ პროცესებთან დაკავშირებით რამდენად ადეკვატური პოზიცია აქვს საქართველოს ხელისუფლებას, რომლის პოზიციაც ფაქტობრივად პოზიციის არქონაა?

საქართველოს ხელისუფლება, ამ უკიდურესად დაძაბულ სიტუაციაში, პრაქტიკულად ჩუმად არის. რა თქმა უნდა, წესით საქართველო ახლა პოლიტიკურად მაქსიმალურად აქტიურად უნდა დაუდგეს გვერდში უკრაინას. ისევე, როგორც უკრაინა ედგა გვერდში საქართველოს, მაგალითად 2008 წელს რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის დროს და მრავალ შემთხვევაშიც. ისევე, როგორც სხვა ხელისუფლებების პირობებში საქართველოც ედგა გვერდში უკრაინას. მეტიც, ვიცით, რომ თავის დროზე აბსურდული მიზეზის გამო უკრაინიდან ელჩი გამოიწვია საქართველოს ხელისუფლებამ და დღემდე ელჩი უკრაინაში არ დაბრუნებულა. ეს ყველაფერი ისე გამოიყურება, რომ მე შთაბეჭდილება მრჩება: საქართველოსთვის უხერხულობას ქმნის უკრაინასთან სრულფასოვანი, ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობა, ვინაიდან უკრაინას ასეთი რთული მდგომარეობა აქვს რუსეთთან. ამ ხელისუფლების ლოგიკიდან და მოქმედებებიდან გამომდინარე, ასეთი სიტუაცია რატომ შეიქმნა ეს ჩემთვის გასაგებია, მაგრამ რამდენად არის ეს საქართველოს ინტერესებში ეს უკვე სხვა თემაა. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ სიტუაციაში ძალიან არასწორად იქცევა.

საქართველოს ხელისუფლება ამ ნაწილში მიზანმიმართულია?

დიახ, მიზანმიმართულად. საქართველოს ხელისუფლებას არ სურს ზედმეტი დისკომფორტი შეუქმნას რუსეთს ამ საკითხთან დაკავშირებით. ასევე, არ სურთ, რუსეთთან ურთიერთობაში სირთულე შეიქმნან. ეს სტრატეგიული თვალსაზრისით და გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან არასწორი პოზიციაა, რადგან ისეთი ქვეყნების სიძლიერე რუსეთის აგრესიული პოლიტიკის წინაშე, როგორებიც არიან, მაგალითად: უკრაინა, საქართველო, მოლდოვა და ა.შ. სწორედ არის მათ ერთობასა და ურთიერთდახმარებაში, განსაკუთრებით კი კრიტიკულ მომენტებში. ამიტომ, ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ვიცით გამორიცხული არ არის, როცა საქართველო აღმოჩნდება უკრაინის მსგავს სიტუაციაში, ხომ უნდა გვქონდეს იმედი და მორალური უფლება, რომ მაგალითად იგივე უკრაინა დაგვიდგეს გვერდში. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლების დღევანდელი საქციელი ამის საწინააღმდეგოდ მუშაობს.

რაც შეეხება, დასავლეთის მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, როგორ შეაფასებთ?

ამ სიტუაციაში, დასავლეთის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა ამ ეტაპზე გამოიყურება, როგორც საკმაოდ სოლიდური. ამ შემთხვევაში ევროკავშირის გარდა უნდა ვიგულისხმოთ ძალიან მნიშვნელოვანი ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც უკვე გარკვეულ სამხედრო განზომილებასაც იძენს. რა თქმა უნდა, უაღრესად მნიშვნელოვანი და ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს უკრაინას თურქეთის მხრიდან, რომელსაც გარკვეული სამხედრო კომპონენტებიც აქვს. გარდა ამისა, არის კიდევ ბევრი რამ, რაც საერთოდ ზედაპირზე არ ჩანს. ასე, რომ ერთ-ერთი მთავარი შემაკავებელი ფაქტორი იმისა, რომ ფართომასშტაბიანი ომი არ მოხდეს, მდგომარეობს იმაში, რომ დღეს მაგალითად, იგივე უკრაინის არმია, რომელიც მზადყოფნის და საბრძოლო მდგომარეობის გაცილებით, უფრო მაღალ დონეზე იმყოფება, ვიდრე 2014 წელს, მიიღებს ძალიან სერიოზულ დახმარებს, რა თქმა უნდა, ყველაფერთან ერთად ეს ფაქტორიც სერიოზულად აკავებს რუსეთს. ბოლომდე ვერაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ უფრო დიდი ალბათობაა იმისა, რომ ეს პროცესი ფართომასშტაბიან ომში არ გადაიზრდება.

ავტორი: ნენე ინჯგია 

banner
წინა სტატიაშიფაიზერის ვაქცინა კორონავირუსის სამხრეთ აფრიკულ ვარიანტს ნაკლებად ერევა
შემდეგი სტატიადიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს