ნიკა რურუა: მაჩალიკაშვილი რაღაც მანამდე არსებული სამთავრობო კვალის დასაფარადაა ლიკვიდირებული

ვინ აძლევს ბატონ აბაშიძეს ამ დავალებას?–ნიკა რურუათემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაციის ოპერაციაზე რამდენიმე ლოგიკური კითხვა ჩნდება, რომელზეც ხელისუფლებას პასუხი არ გაუცია:

1. ერთი წუთით დავუშვათ, რომ ეს ახალგაზრდა მართლაც ტერორისტებთან კავშირში იყო. ამ შემთხვევაში მას ხომ აუცილებლად ექნებოდა გარკვეული, გამოძიებისთვის აუცილებელი ინფორმაცია, რაც მომავალ ტერაქტებს გამორიცხავდა და ადამიანებს გადაარჩენდა, თუ ამ ინფორმაციებს მისგან გამოძიება მოიპოვებდა? ცხადია, რომ კი. მისი ლიკვიდაციით, მან ხომ ყველა ეს სავარაუდო ინფორმაცია, კავშირი, გეგმა, საფლავში წაიღო? ისევ ცხადია, რომ კი. ანუ მისმა ლიკვიდაციამ, თუ ის ტერორიზმთან კავშირში იყო, ქვეყნისთვის მეტი საფრთხე შექმნა, ვიდრე გაანეიტრალა. აქედან მომდევნო კითხვა გამომდინარეობს.

2. ისევ ერთი წამით დავუშვათ, რომ მაჩალიკაშვილი იყო კავშირში ტერორისტებთან. თუ ასეა, მისი ცოცხლად, დღისით დაკავება რატომ არ მოხდა, როცა იგი არსად გარბოდა და საკუთარ სახლში ცხოვრობდა დედ-მამასთან ერთად? ნუთუ ეს ახალგაზრდა ისეთ საფრთხეს წარმოადგენდა, რომ მისი ოსამა ბინ-ლადენივით ლიკვიდაცია მთელ ტერორისტულ ქსელებს დაასუსტებდა რეგიონში და მისი საზღვრებს მიღმა? ცხადია, არა. ეს ნიშნავს, რომ არა მისი დაკავება, არამედ სწორედ რაღაც მიზეზთა გამო – მოშორება სურდათ მავანთ. ვინაა ეს ხალხი და რის მიჩქმალვას ცდილობენ ისინი ამ ლიკვიდაციით? შემთხვევით, ახმედ ჩატაევის საქართველოში შემოყვანის დეტალების ხომ არა?!

3. და ბოლოს, როგორც სუსი და მთავრობა ამტკიცებს, რომ მოკლული ახალგაზრდა ტერორიზმთან კავშირში იყო და ამავე დროს, ხაზს ვუსვამ, ამავე დროს დაჭრილი მაჩალიკაშვილის მკურნალობა/ტრანსპორტირების საფასურის დაფარვის დაპირებებს საჯაროდ აკეთებდა, ჩნდება ელემენტარული კითხვა – როდის აქეთაა, რომ ტერორისტების მკურნალობა/ტრანსპორტირებას სახელმწიფო აფინანსებდა?! ეს ხომ სრული უაზრობაა?! ისევ ცხადია, არის. დასკვნა აქედან ისაა, რომ ეს ბიჭი ტერორისტი არ იყო, რადგანაც მასზე “შეწუხებული” სახელმწიფო უწყებები დახმარების პირობებს საჯაროდ დებდნენ, სანამ ის ჭრილობისაგან გარდაიცვლებოდა.

ასე, რომ ამ საქმეში იმდენი წინააღდეგობაა სუსის და სამთავრობო ვერსიის სარწმუნოდ მისაჩნევად, რომ უფრო ვრმუნდები შემდეგში: ეს ბიჭი რაღაც მანამდე არსებული სამთავრობო კვალის (სავარაუდოდ ახმედ ჩატაევის საქართველოში შემოყვანის ფაქტის) დასაფარადაა ლიკვიდირებული.

ივანიშვილის ფროიდისტული წამოცდენა რომ “შენც ახლა რა დიდ საქმეზე გამაჩერე?” – როცა მაჩალიკაშვილის ლიკვიდაციაზე ჟურნალისტის მიერ კითხვა დაისვა მისი მიმართულებით – ზუსტად იმაზე მიანიშნებს, რომ ეს სწორედაც დიდი და ჯერჯერობით ბნელით მოცული საქმეა, რომელზეც პასუხისმგებელი ცალსახად ხელისუფლებაა.

ნიკა რურუა

banner
წინა სტატიაშისკანდალი: სახელმწიფო ობიექტი კერძო პირის ტერიტორიაზე ააშენეს
შემდეგი სტატია,,სექსის დროს ნუ გაიხდით,, თურქი იმამის მოწოდება (ვიდეო)