ნიკა ობოლაძე: მოლაპარაკებები ყველანაირი წინაპირობების გარეშე უნდა დაიწყოს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ნიკა ობოლაძის განცხადებით, მოლაპარაკებები ყველანაირი წინაპირობების გარეშე უნდა დაიწყოს.

მისი თქმით, მზად არიან მოლაპარაკებისთვის, თუმცა მიაჩნიათ, რომ „მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა იჯდეს მხარე, რომელიც ამ ეტაპზე დიდწილად არის ნიკა მელია“.

ამასთან, ობოლაძის თქმით, ვითარების განმუტვის ერთადერთი გზა ვადამდელი არჩევნებია.

„როგორც გავიგე, ხელისუფლება მოგვიწოდებს, კაპიტულანტურად ჩავბარდეთ და ამის შემდეგ დაიწყებს ან გააგრძელებს მოლაპარაკებებს. რაზე უნდა იყოს მოლაპარაკებები, თუ ისინი თვლიან, რომ არიან ლეგიტიმურები, თვლიან, რომ მელია ციხეში წასასვლელი და დასაჭერია, თუ მიაჩნიათ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და პარლამენტში უნდა შევიდეთ მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში არჩევნები გაყალბდა. ეს არ არის ის შინაარსი და ფორმა, რასაც მივყავართ მოლაპარაკებისკენ, მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს ყველანაირი წინაპირობების გრეშე. ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებისთვის, უბრალოდ ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა იჯდეს მხარე და ეს მხარე ამ წუთას დიდწილად არის ნიკა მელია. მიგვაჩნია, რომ სიტუაციის განმუხტვის ერთადერთი გზა ვადამდელი არჩევნებია. ეს არის, რასაც ჩვენ ვთავაზობთ, ისინი გვთავაზონენ კაპიტულაციას, კაპიტულაცია რომ გვდომოდა, აქამდე გავაკეთებდით“, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

ობოლაძის განცხადებით, „ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყანაში არსებულ უმწვავეს პოლიტიკურ კრიზისს არ იმჩნევს“.

„გასაგებია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არ იმჩნევს იმ მილიონზე მეტ ადამიანს, ვინც წარმოდგენილია ამ ოფისში, არ იმჩნევს მათ პრემიერ-მინისტრს, რომელიც გადადგა და ამბობს, რომ არაფერი ხდება ქვეყანაში. მე მგონია, რომ ქვეყანა არის ზღვარზე, გადალახავს ამ კრიზისს, თუ გადაეშვება უფსკრულში, საიდანაც შეიძლება, რამდენიმე ათეული წელი ვერ ამოვიდეს. კარგი იქნება, თუ პასუხისმგებლობით მოეკიდებიან საკითხს და ამ ოფისის შტურმზე არ იფიქრებენ, სამოქალაქო მშვიდობას არ დაარღვევენ და წამოვლენ მოლაპარაკებაზე“, – აღნიშნა ნიკა ობოლაძემ.

ამასთან, ნიკა ობოლაძის თქმით, ნიკა მელია არსად მიიმალება და ხელისუფლებამ კომიკური საკითხი უნდა მოხსნას.

„ჩვენი სამოქმედო გეგმა არის, ვიყოთ კონსტრუქციულები, მშვიდები და ძლიერები. ახლა ჩვენ ვართ კონსტრუქციულები, მშვიდები, ძლიერები და ველოდებით ხელისუფლებას. ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რას აირჩევს. გვაქვს ორი არჩევანი – პირველი, სამოქალაქო მშვიდობა დაირღვეს, რომ მილიონი მეტი ადამიანის წარმომადგნელობას თავს დაესხნენ. მეორე მხარეს დგას საფრთხე, რომ ნიკა მელია მიიმალება, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს საფრთხეები არ არის თანაზომადი. მელია არსად მიიმალება, მათ უნდა მოხსნან კომიკური საკითხი, მელია არსად იმალება და ქვეყანა არ უნდა გადაჩეხოს ხელისუფლებამ“, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

გარდა ამისა, ნიკა ობოლაძის თქმით, ხელისუფლება უნდა წავიდეს მოლაპარაკებაზე და შეიქმნას ახალი პოლიტიკური დღის წესრიგი, რათა შედგეს შეთანხმება და ქვეყანამ გააგრძელოს წინსვლა.

„რაც ხდება მინისტრთა კაბინეტში, არც ახალია, არც ძველი – ეს უბრალოდ ანტურაჟია“, – დასძინა ნიკა ობოლაძემ.

რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას კონსტიტუციური წესრიგის აღდგენაზე, ობოლაძის განმარტებით, კონსტიტუციური წესრიგი ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში იყოს დემოკრატია.

„თუ კონსტიტუციური წესრიგი არის, რომ ადამიანების 50 პროცენტზე მეტის ნების საწინააღმდეგოდ წახვიდე და თავი გაუტეხო ოფისში შემოსვლით, და ამას ამბობს, რომ ამ შენობაში შემოვალ და თავებს გავუტეხავ მილიონ ადამიანზე მეტს, რადგან ჩვენ აქ მილიონ ადამიანზე მეტს წარმოვადგენთ, მაშინ ხო, ალბათ უნდა აღადგინოს კონსტიტუციური წესრიგი, მაგრამ მე მგონია, რომ ეგ არ არის კონსტიტუციური წესრიგი. კონსტიტუციური წესრიგი არის ის, რომ ქვეყანაში იყოს დემოკრატია, ძალაუფლების წყარო იყოს ხალხი. არ შეიძლება შემოსვლა ხელკეტებით, გაზით იმ ოფისშ, რომელიც მათივე დათვლებითაც კი წარმოადგენს უფრო მეტ ადამიანს, ვიდრე „ოცნებამ“ აიღო არჩევნებზე“, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – ნიკა მელია არის კრიმინალი
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – რომელ არჩევნებზე გვესაუბრებიან საერთოდ?!