“ნიკა მელიას წინააღმდეგ პატიმრობა უნდა ყოფილიყო გამოყენებული”- პროკურორი

ნიკა მელიას წინააღმდეგ პატიმრობა უნდა ყოფილიყო გამოყენებული, მაგრამ გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება – განაცხადა პროკურორმა.

„ნიკანორ მელიას მიმართ სისხლის სამართლებრივი პროცედურა განხორციელდება მის მიმართ გირაოს შეფარდების პირობით. დამატებით გამოყენებული იქნა ელექტრონული მონიტორინგის საშუალება ეს არის ტექნიკური საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს 24-საათიან რეჟიმში ადამიანის გადაადგილებისა და მისი ადგილსამყოფელის დადგენის შესაძლებლობას, მათ შორის ეს შესაძლოა, განხორციელდეს ე.წ. სამაჯურით,“- განაცხადა პროკურორმა.

ნიკა მელიას პატიმრობა არ შეეფარდა – სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიაზე ელექტრონული მონიტორინგი განხორციელდება. მას სპეციალურ სამაჯურს დაუმაგრებენ.

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, მერაბ გაბინაშვილმა არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და მას საქალაქო სასამართლოს მიერ დაწესებული შეზღუდვები არ გაუუქმდება.

შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ნიკა მელიას 27 ივნისს 30 000 ლარიანი გირაო შეეფარდა. ასევე, მელიას ეკრძალება, როგორც პროკურორთან შეუთანხმებლად სახლიდან გადაადგილება, ასევე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საჯარო განცხადების გაკეთება და მოწმეებთან ნებისმიერი კომუნიკაცია.

მელიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ასევე მასში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელზე თავდასხმა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩუგოშვილი – არ ვიცი, ვის, რომელ ქვეყანაში შეიძლება მოუვიდეს თავში, რომ პარლამენტის წევრს შტურმი მიჰქონდეს პარლამენტის შენობაზე
შემდეგი სტატიაშსს – პარლამენტთან ღონისძიებაში საოკუპაციო ხაზებთან განლაგებულ ქვედანაყოფებს მონაწილეობა არ მიუღიათ და პირადი შემადგენლობა არ მოხსნილა მორიგეობიდან