ნიკა მელიას ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოს მიმართა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა.

ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 27 ივნისის განჩინების ის ნაწილი გაასაჩივრა, რომლის თანახმად, დეპუტატისთვის დამატებითი შეზღუდვის ღონისძიებებია გამოყენებული.

ადვოკატი მიიჩნევს, რომ არაკონსტიტუციურია, როდესაც პარლამენტარმა მისი უფლებამოსილების განხორციელების თაობაზე საგამოძიებო ორგანოს უნდა აცნობოს, კონკრეტულად კი, საცხოვრებელი ადგილის დატოვებაზე. ასევე, ადვოკატს ბუნდოვნად მიაჩნია შემზღუდავი ღონისძიება, სადაც საუბარია, რომ მელიას ეკრძალება იმ პირებთან კონტაქტი, რომლებიც შესაძლოა, მომავალში ამ საქმის მოწმეები გახდნენ.

„ჩვენს მიერ გასაჩივრდა აღკვეთის ღონისძიების განჩინება დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებების ნაწილში. მიგვაჩნია, რომ ჩანაწერი, სადაც ნიკანორ მელიას, საქართველოს პარლამენტის წევრს ეზღუდება საცხოვრებელი ადგილის დატოვების უფლება 24 საათის განმავლობაში ნებისმიერი საბაბით და ამისთვის, მას სჭირდება პროკურატურის წინასწარი ინფორმირება და ნებართვის აღება, პირდაპირ წინააღმდეგობაშია კონსტიტუციის 39-ე მუხლთან. იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტის წევრმა სრულფასოვნად და შეუფერხებლად განახორციელოს თავისი უფლება-მოვალეობები, როგორიცაა პარლამენტში მისვლა, სესიაზე და კომიტეტებზე დასწრება, კენჭისყრაში მონაწილეობა, აღნიშნული განჩინების ჩანაწერით, მან უნდა აიღოს ნებართვა პროკურორისგან. მიგვაჩნია, რომ ეს პირდაპირი მნიშვნელობით არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნას, სადაც გარანტირებულია პარლამენტარის უფლებამოსილების შეუფერხებლად განხორციელების უფლება და პირიქით, ნებისმიერი დაბრკოლების შექმნა ითვალისწინებს პასუხისმგებლობას“, – განაცხადა ადვოკატმა.

გიორგი კონდახაშვილი მიიჩნევს, რომ ამის გასაჩივრება პროკურატურისთვისაც სასარგებლოა.

„თუ სააპელაციო სასამართლო გაითვალისწინებს ჩვენს მოთხოვნას, ეს ბუნდოვანება და ტვირთი, რაც შესაძლოა, კონსტიტუციის დარღვევასთან დაკავშირებით იყოს, ასევე კითხვის ნიშნები მოიხსნება. მეორე საკითხია, რომ ჩვენს მიერ საჩივრდება ნიკანორ მელიასთვის იმ პირებთან კომუნიკაციის აკრძალვა, რომელთაც შესაძლოა, სამომავლოდ მიენიჭოს მოწმის სტატუსი. ეს ძალიან ბუნდოვანი განმარტებაა. შეიძლება, ათი ათასამდე ადამიანი გახდეს ხვალ და ზეგ გამოძიებისთვის ან დაცვის მხარისთვის საინტერესო ინფორმაციის მომწოდებელი და სამომავლოდ შეიძლება ამ ჩამონათვალში განუზომელ პირთა წრე მოხვდეს. შესაბამისად, ვითხოვთ განმარტებას, რას ნიშნავს სამომავლოდ პირთა წრე, რომელსაც შესაძლოა, მიენიჭოს მოწმის სტატუსი. ამ კუთხითაც ვასაჩივრებთ აღნიშნულ განჩინებას”. განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.

ადვოკატი ფიქრობს, რომ სააპელაციო სასამართლო მათ პოზიციას გაითვალისწინებს.

სააპელაციო სასამართლომ საჩივარი მისი ჩაბარებიდან 72 საათში უნდა განიხილოს.

„ჩვენ არ ვართ დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებების წინააღმდეგ. პირველივე დღეს სასამართლოს შემდეგ ჩავაბარეთ პირადობის მოწმობა, დიპლომატიური პასპორტი. ნიკანორ მელია ექვემდებარება განჩინებას, იგი იმყოფება საცხოვრებელ ადგილას, თუმცა მიგვაჩნია, რომ რაც აშკარად კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის, რაც არ გამომდინარეობს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის, კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შინაარსიდან, აუცილებლად უნდა გაასწოროს სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ“, – აცხადებს ადვოკატი.

ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიმართა გენერალურმა პროკურატურამ. ბრალდების მხარე ნიკა მელიასთვის საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ასაჩივრებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 ივნისს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დეპუტატ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. პროკურატურა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. ბრალდებულს დაეკისრა დამატებითი ვალდებულებებიც, კერძოდ, ნიკანორ მელიას აეკრძალა: საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე; საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია; მასვე, დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.

საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნიკანორი მელიას ბრალად ედება: ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმიწინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა; ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.

banner
წინა სტატიაშიუბედური შემთხვევა სენაკში-მდინარეში მამა-შვილი დაიხრჩო
შემდეგი სტატიანინო გუგეშაშვილი – ხალხი, რომელიც ადრე განსხვავებული აზრისთვის ამერიკის და დასავლეთის აგენტს გეძახდნენ, ახლა განსხვავებული აზრისთვის ყველას რუსეთუმეს უწოდებენ