ნიკა მელია: ახლა მიშას ეძახიან, გვიშველეო, მოდი, ჩვენი პრემიერ-მინისტრი გახდი და ჩაგვიდექი სათავეშიო

„ნაციონალურ მოძრაობაში“ რაც მოხდა, რამაც ხიდები ჩატეხა, ეს გამოიწვია არა პარტიის თავმჯდომარის არჩევნებმა, არამედ იმან, რაც მოხდა პარტიის თავმჯდომარის არჩევნებიდან ხუთ დღეში. დღესაც ვერ მოვუძებნე ახსნა, რატომ გაყარეს ხალხი პარტიიდან ან პოლიტიკური საბჭოდან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის„ ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიის ახალი ხელმძღვანელობა მომაკვდინებელ შეცდომას უშვებს.

„ეს პარტია კარგავს სოლიდურობას, მიმღებლობას. უამრავი ადამიანი და ერთ-ერთი მე ვცდილობთ, პარტია გადარჩეს, როგორც პლატფორმა, რომელიც იქნება მიმზიდველი, გადარჩეს პლატფორმა, სადაც შესაძლებელი იქნება დამატებითი ამომრჩევლის მოზიდვა და არა არსებულის განზიდვა. შესაძლებელი იქნება ჯამის მატება და არა ჯამის კლება, ძალების კონსოლიდაცია“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

კითხვაზე, წინასაარჩევნოდ შესაძლებელია თუ არა ნიკა მელია სხვა პარტიაში იხილონ, მელიამ აღნიშნა:

„ჩემთვის საპარლამენტო მანდატისთვის ბრძოლა უმნიშვნელოა. ორჯერ მქონდა საპარლამენტო მანდატი და ორივე ბრძოლაში დავკარგე. ბედნიერი ვარ მხოლოდ იმით, რაც მოხდა პარტიის არჩევნების შედეგად, რადგან არ დაგიმალავთ, ემოციურადაც რთული იყო ჩემთვის, როცა დაუმსახურებლად ყოველი დღე იწყებოდა და მთავრდებოდა, რომ არაფერს აკეთებს ნიკა მელია სააკაშვილის გასათავისუფლებლად, საკმარისია, თავმჯდომარე შეიცვალოს და რამდენიმე თვეში სააკაშვილი გათავისუფლდებაო. სააკაშვილს დღეში კლავდნენ ხუთჯერ და დღეს რას აკეთებენ? სამწუხაროდ, პარტიაში დამარცხდა რაციონალური მოსაზრება, იმძლავრა ემოციამ. მიხეილ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური პატიმარი დააზიანეს, მაშინ, როცა პარტიის გარეთ გვჭირდებოდა კონსოლიდაცია“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ამასთან, მელიას კიდევ ერთი კითხვით მიმართეს „ლელოს“ წევრის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ის ამბობს, რომ გასაღები არის ისეთ გაერთიანებაში, სადაც მონაწილეობას არ მიიღებს „ნაციონალური მოძრაობა“.

„ნებისმიერი ერთობა უნდა იყოს მყარი. „ნაციონალური მოძრაობა“ დღესდღეობით არის ის ძალა, რომლის გარშემოც შესაძლებელი იქნებოდა და იყო კონსოლიდაცია, სამწუხაროდ, ეს შანსი არის დაკარგული მენეჯმენტის პირობებში. ნაცვლად იმისა, რა მთავარი დაპირებითაც მოვიდნენ, მიშა გამაგრდი, უნდა გიშველოთ, ახლა მიშას ეძახიან, გვიშველეო, მოდი, ჩვენი პრემიერ-მინისტრი გახდი და ჩაგვიდექი სათავეშიო. საშველად მოვიდნენ, სააკაშვილისთვის დახმარების აღმოსაჩენად და ახლა იქით ეძახიან, დაგვეხმარეო“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ სადაც არის მერაბიშვილი, კეზერაშვილი, იქ არ არის ქვეყნის ინტერესი. „იქ, სადაც არის მერაბიშვილი, კეზერაშვილი, იქ არ არის ქვეყნის ინტერესი. იქ არის ანგარება და მერკანტილური ინტერესები“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიჯო ბაიდენი: “აშშ შეძლებს უკრაინის დახმარების დაფინანსებას მაშინაც კი, თუ კონგრესში საწინააღმდეგო ხმები იქნება”
შემდეგი სტატიააშშ-ის კონგრესის ორივე პალატის წარმომადგენლები მოითხოვენ, რომ პასუხისმგებაში მიეცნენ ის პირები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კახოვკის კაშხლის აფეთქებაში