ნიკა გვარამიას საქმე პოლიტიკური იყო. როგორ შეიძლება, „ნაცმოძრაობის“ მთავარი პროპაგანდისტის საქმე პოლიტიკური არ ყოფილიყო, რომელიც იმ მუხლით დაიჭირეს, რომლითაც ციხეში სხვა არავინ ზის და არც მჯდარა, თუმცა სტრასბურგის სასამართლო განსახილველად ყველა პოლიტიკურ საქმეს არ იღებს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, ნიკა გვარამიას ადგილზე ამ საქმეს არ გაასაჩივრებდა.
„ნიკა გვარამიას ვურჩევდი, რომ ამ საქმის დასრულება სჯობს. ეს საქმე არც სტრასბურგში არ იყო წასაღები. ჩვენ პოლიტიკოსები ვართ და ამ ქვეყანაში უნდა ვცდილობდეთ, სასამართლო ავაწყოთ. ჩემი აზრით, ჩვეულებრივი ადამიანები საერთაშორისო სასამართლოების იმედად ვერ იქნებიან. საქმეების უდიდესი ნაწილი სხვადასხვა მოტივებით განსახილველად არ მიიღება. ვფიქრობ, „გასაჩივრე ისევ“ ასე შეიძლება დასრულდეს არა იმიტომ, რომ გვარამია მტყუანია ან მართალი, არამედ იმიტომ, რომ ასეთი სახის ისტორიები ეფექტური არ არის. მის ადგილზე ამ საქმეს არ გავასაჩივრებდი. გვარამიამ
უნდა გადაწყვიტოს, სამართლებრივ დავაზე რა სამართლებრივ სტრატეგიას აირჩევს. სტრასბურგში განსახილველად ჩვეულებრივი საქმეები არ მიიღება და არ ვიცი, გვარამიას და მის ადვოკატებს რომელ შემთხვევასთან ჰქონდათ საქმე. რა თქმა უნდა, ნიკა გვარამიას საქმე პოლიტიკური იყო. როგორ შეიძლება, „ნაცმოძრაობის“ მთავარი პროპაგანდისტის საქმე პოლიტიკური არ ყოფილიყო, რომელიც იმ მუხლით დაიჭირეს, რომლითაც ციხეში სხვა არავინ ზის და არც მჯდარა. როგორ შეიძლება, ეს საქმე თავისი შინაარსით პოლიტიკური არ ყოფილიყო, თუმცა სტრასბურგის სასამართლო განსახილველად ყველა პოლიტიკურ საქმეს არ იღებს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
სტრასბურგის სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას სამი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. 2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს. უზენაესმა სასამართლომ კი გვარამიას საქმე განსახილველად არ მიიღო. ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოში სწორედ ამ საქმეს ასაჩივრებდა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია 2023 წლის 22 ივნისს შეიწყალა.
ამასთან, ნიკა გვარამიამ გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მიიღო გადაწყვეტილება, თავისი საქმით „გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტში წავიდეს“.