კახა კალაძე – არ ვიცი, გახარიას განცხადებებზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო, ერთი რამ ცხადია, ან სერიოზული პრობლემები აქვს, ან რეალურად ვერ აღიქვამს, რა ხდება ქვეყანაში

არ ვიცი, გიორგი გახარიას განცხადებებზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კალაძეს კითხვა დაუსვეს პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებაზე, რომ „ივანიშვილის გარეშე ოცნება მოიგებს კი არა, ვერაფერს იზამს“ და „2024 წლის არჩევნების შემდეგ ივანიშვილი იქნება საქართველოში და დარწმუნებული ვარ, იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ოპოზიციის ლიდერი“.

„პოლიტიკოსი რომ დღევანდელ მოცემულობაში ამ განცხადებას აკეთებს, ერთი რამ ცხადია – ან სერიოზული პრობლემები აქვს, ან რეალურად ვერ აღიქვამს, რა ხდება ქვეყანაში და რეალობასთან ძალიან აცდენილია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კახა კალაძეს კითხვა დაუსვეს გიორგი გახარიას იმ განცხადებაზეც, სადაც მან აღნიშნა: „ჩემი პრემიერობის დროს, როცა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობაში გადმოყვანის საკითხი დადგა გუნდში, რა არჩევანიც არსებობდა, იმას ვამჯობინე, რომ ღარიბაშვილი უკეთესი თავდაცვის მინისტრი იქნებოდა. არ მინდოდა, ღარიბაშვილი გამხდარიყო ის მინისტრი, რომლის მინისტრობასაც უპირებდნენ – შინაგან საქმეთა მინისტრი“.

კალაძის თქმით, არ აქვს სურვილი, ეს თემა განიხილოს.

„არ ვიცი, ზოგადად, გუნდში ბევრ რამეზე მიმდინარეობს მსჯელობა, საუბარი. ამ ყველაფრის სააშკარაოზე გამოტანა სწორად არ მიმაჩნია. მას თუ აქვს სურვილი, ისაუბროს რაღაცებზე, ეს რაღაცები შესაძლოა, ტყუილი იყოს, შეიძლება, რაღაცები მოიგონოს. მე ნამდვილად არ მაქვს სურვილი, ამ თემის განხილვაში შევიდე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძეს კიდევ ერთი კითხვით მიმართეს, როგორც შეაფასებდა გიორგი გახარიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნება“ ახალისებს კორუფციას, რაზეც კალაძემ აღნიშნა:

„ჩვეულებრივი სისულელე. სად იყო მაშინ, თუ ასე იყო. პრემიერ-მინისტრი როცა იყო, ემოქმედა, გადაედგა კონკრეტული ნაბიჯები. ჩვეულებრივი სისულელეა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამიას ვურჩევდი, რომ ამ საქმის დასრულება სჯობს – ხვიჩია
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: ის, რომ კონკრეტული ადამიანები იბრძვიან, როგორმე საარჩევნო ბარიერი გადალახონ, საზოგადოების პასუხია მათ რადიკალიზმზე