“ნატო-ს სამიტზე, ველით ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის აღიარებას”

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლონდონში, ანალიტიკურ ცენტრ Chatham House-ში ანალიტიკოსებთან შეხვედრისას ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხზე ისაუბრა.

მისი შეფასებით, საქართველოს მიზანია, ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება, ხოლო საბოლოო ამოცანაა ევროკავშირში და თავისთავად, ნატო-ში გაწევრიანება.

“მსურს, ვუთხრა ნებისმიერს, ვინც საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით სპეკულირებს, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ესაა საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნება, რაც რამდენჯერმე დადასტურდა გამოკითხვებისა და რეფერენდუმის მეშვეობით”.

პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობა საზოგადოების, ამომრჩევლის ნებას ასრულებს და ნატო-ს ვარშავის სამიტზე საქართველოს მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესის აღიარებას და ნატო-სთან თანამშრომლობის არსებული ფორმატების გაფართოებას ელოდება.

“საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის კუთხით, ამ მიზნებს ალტერნატივა არ გააჩნია. განვითარება დამოკიდებულია რეგიონალურ სტაბილურობასა და მშვიდობაზე. საქართველო მონაწილეობს ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ავღანეთში. საქართველო ამ მისიის მეორე უდიდესი კონტრიბუტორი ქვეყანაა. ჩვენ თანმიმდევრულები ვართ ავღანეთის, ცენტრალური აფრიკისა და მალის მისიებში მონაწილეობის თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს შესანიშნავი თავსებადობა ნატო-ს ჯარებთან“, – განაცხადა პრემიერმა და ამ კონტექსტში ისაუბრა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს ერთობლივ სამხედრო წვრთნებზე, „ღირსეული პარტნიორი 2016“, რომელიც ქართველი სამხედროების ნატო-ს ჯარებთან თავსებადობისა და საექსპედიციო შესაძლებლობების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

banner
წინა სტატიაში“ინგლისურ ენაში არის ორი სიტყვა, რომელიც ადასტურებს, რომ ოცნების ახდენა შესაძლებელია, ეს სიტყვებია „ლესტერ სითი“
შემდეგი სტატიანიკა მელია: ვასილ ბექაური იყო ორჯერ ნასამართლევი, მათ შორის საბურავების მოპარვაზე