ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი – სამიტზე მოკავშირეები შეთანხმდნენ, გააღრმაონ ურთიერთობა რამდენიმე ძალიან ახლო პარტნიორთან, ერთ-ერთი მათგანია საქართველო

მადრიდის სამიტზე ნატო-ს მოკავშირეები შეთანხმდნენ, გააღრმაონ ურთიერთობა რამდენიმე ძალიან ახლო პარტნიორთან, რომელიც მათ სამიტზე შეუერთდა, ერთ-ერთი პარტნიორი საქართველოა, – ამის შესახებ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ვინიკოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ყველაზე მეტად არის დაზარალებული საგარეო საფრთხეებისა და უსაფრთხოების გარემოში ჩარევით, რაც გამოწვეულია რუსეთის არაპროვოცირებული ომით უკრაინაში.

ამასთან, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა სამიტზე მოკავშირეების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.

„როგორც იცით, გასულ კვირას ნატო-ს ქვეყნების ლიდერები შეხვდნენ მადრიდში, სამიტზე, სადაც მიიღეს შორს მიმავალი გადაწყვეტილებები ნატო-ს მომავლისთვის. ეს სამიტი გახლდათ გარდაქმნის სამიტი. მოკავშირეებმა მიიღეს ისტორიული გადაწყვეტილებები, რომ ალიანსის ადაპტაციასა და განმტკიცებას მოახდენენ უფრო სახიფათო და კონკურენტულ სამყაროში, სადაც ავტორიტარული რეჟიმები, როგორებიცაა რუსეთი და ჩინეთი, გამოწვევის წინაშე აყენებენ წესებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს.

მოკავშირეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეიძლება, ექვს კატეგორიად დავყოთ. პირველი გახლავთ შეთანხმება მოკავშირეებს შორის, რომ ნატო მოახდენს ფუნდამენტურ ცვლილებას შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკაში, რასაც საფუძვლად დაედება თავდაცვის სფეროს დაფინანსების გაზრდა, ტვირთის გაზიარება და ერთობლივი დაფინანსება. მეორე არის ის, რომ მოკავშირეებმა მიიწვიეს შვედეთი და ფინეთი, რომ ისინი შეუერთდნენ ალიანსს. ამ ორი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება კარგი იქნება როგორც ამ ქვეყნებისთვის, ისე ალიანსისთვის და ზოგადად ევროპული უსაფრთხოებისთვის. ორივე ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების ოქმებს ბრიუსელში დღეს მოაწერენ ხელს. მესამე – ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ხანგრძლივად დაეხმარებიან უკრაინას, რომ უზრუნველყოფილი იყოს უკრაინის უპირატესობა რუსეთის მიერ წამოწყებული არაპროვოცირებული და სასტიკი აგრესიის წინაშე. მეოთხე – ნატო-ს ლიდერებმა წარადგინეს ნატო-ს სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც ადგენს ალიანსის მთავარ პრიორიტეტებს, მთავარ ამოცანებსა და მიდგომებს შემდეგი ათწლეულისთვის. მათ შორის ეს ეხება რუსეთიდან მომავალ საფრთხეებს, ასევე ჩინეთიდან, ისევე როგორც სხვა ასიმეტრიულ საფრთხეებს, როგორიცაა ჰიბრიდული, კიბერსაფრთხეები, ტერორიზმი, ტექნოლოგიები და ა.შ. მეხუთე – მოკავშირეები შეთანხმდნენ, გააძლიერონ ბრძოლა კლიმატის ცვლილებასთან და ჩამოაყალიბონ ახალი ინოვაციური ფონდი, რაც დაეხმარება ნატო-ს ტექნოლოგიურ დახვეწაში. მეექვსე – ნატო-ს მოკავშირეები შეთანხმდნენ, გააღრმაონ ურთიერთობა რამდენიმე ძალიან ახლო პარტნიორთან, რომელიც მათ სამიტზე შეუერთდა. ცხადია, ერთ-ერთი ასეთი პარტნიორი არის საქართველო, რომელსაც წარმოადგენდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ის სამიტის მეორე სესიას დაესწრო.

მოკავშირეებმა მხარი დაუჭირეს საქართველოსთვის რამდენიმე ზომას, ჩვენ მათ პარტნიორებზე მორგებულ ზომებს ვუწოდებთ. საქართველო კი მოგეხსენებათ, არის ნატო-ს ერთ-ერთი პარტნიორი, რომელიც ყველაზე მეტად არის დაზარალებული საგარეო საფრთხეებისა და უსაფრთხოების გარემოში ჩარევით, რაც გამოწვეულია რუსეთის არაპროვოცირებული ომით უკრაინაში. ეს ზომები არის გამოხატულება ნატო-ს მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერისა საქართველოს მიმართ. განსაკუთრებით კი, მისი სუვრენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ასევე გახლავთ ნატო-ს ერთგულების გამომხატველი ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებებისადმი, რომელიც საქართველოს ნატო-ში საბოლოო გაწევრიანებას ეხება. სტრატეგიული კონცეფცია, რომელსაც მოკავშირეებმა მხარი დაუჭირეს, ასპირანტი ქვეყნების უსაფრთხოება, მათ შორის საქართველოსი, არის გადაჯაჭვული ნატო-ს მოკავშირეების უსაფრთხოებასთან. ეს კონცეფცია ასევე ადასტურებს ნატო-ს მოკავშირეების ერთგულებას ალიანსის ღია კარი პოლიტიკისადმი და ასევე ბუქარესტის სამიტზე და შემდგომ სამიტებზე მიღებული გადაწყვეტილებების“, – განაცხადა ალექსანდრე ვინიკოვმა.

ალექსანდრე ვინიკოვის თქმით, საქართველოზე მორგებული ზომების პაკეტი აძლიერებს საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. ამასთან, აღნიშნა, რომ ეს ახალი პაკეტი შექმნილია საქართველოს შესაძლებლობების გასაზრდელად და ასევე მისი მედეგობის განსამტკიცებლად.

„მათ შორის საქართველოს მონაწილეობის გაზრდით ნატო-ს კიბერწვრთნებში, უსაფრთხოების კომუნიკაციების გაძლიერებით და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაში დახმარებით. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობს ნატო-საქართველოს არსებით პაკეტზე, რომელიც რჩება მთავარ ჩარჩოდ ჩვენი პრაქტიკული მხარდაჭერისთვის საქართველოს მიმართ. მათ შორის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საჰაერო თავდაცვა, დაზვერვა, კრიზისების მენეჯმენტი და კიბერთავდაცვა. ჩვენ ასევე განვიხილავთ რამდენიმე ახალი სფეროს დამატებას პაკეტში. ჩვენ გავზრდით ჩვენი სწავლებების რაოდენობას და შევეცდებით, ეს წვრთნები ჩავატაროთ არა სამ, არამედ ორ წელიწადში ერთხელ. ჩვენ ასევე ვითანამშრომლებთ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც ეხმარებიან საქართველოს, მათ შორის ევროკავშირთან. ნატო ასევე გეგმავს, სამეკავშირეო ოფისში დამატებითი პერსონალი გამოაგზავნოს. ასევე ჩვენ გვაქვს სტრუქტურები, როგორიცაა წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი კრწანისში, რომელიც შეიძლება, გაძლიერდეს საქართველოს დამატებითი მხარდაჭერისთვის. მომავალ თვეებში ჩვენი ოფისი მჭიდროდ იმუშავებს ჩვენს ქართველ კოლეგებთან, რომ მადრიდში მიღებული გადაწყვეტილებები გარდაიქმნას უფრო დეტალურ გეგმაში, რომელსაც ექნება მიზნები და ვადები“, – განაცხადა ალექსანდრე ვინიკოვმა.

წინა სტატიაშიფოთის მერი XI მსოფლიო ურბანულ ფორუმს დაესწრო
შემდეგი სტატიაარ იქნება ოლიგარქი, იქნება დეპოლარიზაცია! იქნება მშვიდობა! იქნება ევროპა! – კახა ოქრიაშვილი